ინგოროყვას კლინიკის გენერალური დირექტორის განცხადებით, მისი ბრძანების საფუძველზე ექიმ-ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი გათავისუფლებულია სამსახურიდან.
"გუშინ ჩვენს კლინიკაში პაციენტ ნინო კვიტაიშვილსა და ექიმ-ტრავმატოლოგ მურთაზ მამაგეიშვილს შორის მომხდარი გაუგებრობის მიუხედავად, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ პაციენტს ყველა სამედიცინო გამოკვლევა და საჭირო მომსახურება ჩაუტარდა დროულად და ის ფაქტი, რომ მას რაიმე ნიშნით კლინიკის მიერ უარი ეთქვა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე არ შეესაბამება სიმართლეს.
ამასთან ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამედიცინო ეთიკური ნორმების დარღვევას, რაც დაუშვებელია ექიმისათვის და ჩემი, როგორც გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე ექიმი გათავისუფლებულია სამსახურიდან.
მინდა კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით დავადასტურო, რომ პაციენტს ყველა სამედიცინო მომსახურება გაეწია დროულად და ადექვატურად. ჩვენის მხრივ მივმართავთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მისი კომპენტენციის ფარგლებში განიხილოს აღნიშნული შემთხვევა". - ვკითხულობთ კლინიკის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნინო კვიტაიშვილმა Facebook-ში დაწერა, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაშავდა. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში კი მას ტრავმატოლოგმა მამაგეიშვილმა დახმარება არ აღმოუჩინა, რადგან ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და უთხრა, რომ "მეტის ღირსია".