საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 8 ივნისის სხდომაზე, რომელზეც 2018-2020 წლების პროგრამული პრიორიტეტების პროექტი განიხილეს, საბჭოს წევრი გია იაკობაშვილი დოკუმენტში „ლგბტ ადამიანების" შესახებ ჩანაწერის გამო, მოწყვლადი ჯგუფების ჩამონათვალის ამოღების ინიციატივით გამოვიდა, რადგან „მათი მარგინალიზება არ სურს".
მისი თქმით, მოწყვლადი ჯგუფების ჩამონათვალს არ უნდა ჰქონდეს მინაწერი „და სხვა", რათა სხვა მნიშვნელოვანი მოწყვლადი ჯგუფები არ გამორჩეს, მაგალითად „სვინგერები, პანკები და ბაიკერები".
იგი აღნიშნავს, რომ დოკუმენტში მოწყვლადი ჯგუფების სრული ჩამონათვალი უნდა გაკეთდეს ან ჩანაწერი უბრალოდ „ადამიანის უფლებებით" შეიცვალოს. მისი თქმით, თუკი ლგბტ ადამიანებს ქუჩაში გამოსვლის ეშინიათ და ამის გამო ჩაგრულები არიან, „ნუდისტებიც" ჩაგრულები გამოდიან, რადგან „ქუჩაში შიშვლად გამოსვლის ეშინიათ".
„ადამიანის უფლების შესახებ სატელევიზიო პროდუქტის წარმოების და შეძენის დროს, უზრუნველყოფილ იქნეს საზოგადოების იმ ჯგუფების უზრუნველყოფა, რომელთა ხმა არ/ან არასაკმარისად ისმის მედიაგარემოში: შშმ პირები, დევნილები, ქალები, ლგბტ ჯგუფები, მიგრანტები, ხანდაზმულები, საზოგადოების სხვა დაუცველი ჯგუფები", - ნათქვამია დოკუმენტის პროექტში.
იაკობაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ ეს ჩამონათვალი უნდა გაიზარდოს, რათა ვინმეს დისკრიმინაცია არ მოხდეს.
„საზოგადოების სხვა დაუცველი ჯგუფები... მე მინდა, რომ ან საერთოდ ნურავის ჩამოვთვლით, ან ეს სხვა დაუცველი ჯგუფებიც უნდა გაიშალოს, იმიტომ რომ დისკრიმინაცია არ გამოგვივიდეს. მაგლითად, შეიძლება უკვე ამ ტერმინის, აფროქართველების დამკვიდრება, ხომ? რატომ არ უნდა ჩავწეროთ დავუშვათ ვეტერანები? რაც შეეხება ლ გ ბ ტ-ს, [...], ამ ჯგუფში ასევე სხვა უამრავი წარმომადგენლები არიან, ხომ სწორია? [...] ჯგუფები არიან ისინიც, რომელთა ხმა არასკმარისად ისმის. მაგალითად, თავიანთი გემოვნება აქვთ. ნუდისტები, მაგალითად. სექსუალური თემაა. ისინი, რა ქვია იმას, დამავიწყდა კაცო, სვინგერები, მაგალითად, არის ასეთი ჯგუფიც. [...] თუ ვამბობთ და სხვას, ჩამოვთვალოთ რომელი დაუცველი ჯგუფებია. დაუცველ ჯგუფებში შეიძლება ვიგულისხმოთ ბაიკერებიც, პანკებიც" - თქვა იაკობაშვილმა.
საბჭოს წევრმა, ნინია კაკაბაძემ მას განუმარტა, რომ სვინგერები სექსუალურ უმცირესობად და ჩაგრულ ჯგუფად ვერ განიხილება. საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, ქეთევან მსხილაძემ კი მას უთხრა, რომ დოკუმენტში „ლგბტ ჯგუფები" საქართველოში არსებული მათი უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით არის ნახსენები.
„ჩვენ გამოვდივართ საქართველოში არსებული კონტექსტიდან. დღეს საქართველოში ლგბტ ჯგუფი, ქალები, წარმოადგენენ დაუცველ ჯგუფებს და მშვენივრად ვიცით, რატომაც. ამის სტატისტიკაც არსებობს, დოკუმენტური მასალაც არსებობს. [,,,] დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს ორი ჯგუფი არის ჩაგრული ჯგუფი" - თქვა მსხილაძემ.
თუმცა იაკობიშვილმა ლგბტ ადამიანების ჩაგვრის შესახებ ეჭვი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ლგბტ თემის დაცვა არასამთავრობო ორგანიზაციის ბიზნესად იქცა, რასაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელი არ უნდა შეუწყოს.
„ლგბტ ჯგუფების სახელით საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. თვითონ ლგბტ თემის წარმომადგენელები არ ამბობენ ამას. ამაზე საუბრობენ მათი უფლებადამცველები, ბრჭყალებში, იმიტომ, რომ ეს არის მათი ჯგუფები. და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მათ ხელი არ უნდა შეუწყოს. ამიტომ, საერთოდ, ჩემი პოზიციაა, რომ მე მათ მივიჩნევ ადამიანებად. მე არ მინდა მათ მარგინალიზება და გამოყოფა. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ადამიანის უფლებებზე და არ უნდა გამოვყოთ არავინ. თუ გამოვყოფთ, ეს „და სხვა" უნდა გავშალოთ ბოლომდე" - თქვა იაკობაშვილმა.
ნინია კაკაბაძემ აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც საბჭოს წევრისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში ლგბტ ადამიანები და ქალები ეწეროს, რადგან საზოგაოდოებრივი მაუწყებელი საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს და მათ პრობლემებს ასახავდეს.
„მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვნახეთ, რომ ადამიანებს უჭირთ და ეშინიათ ქუჩაში გამოსვლის. მაგლითად, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ძალიან დიდი ჯგუფი ლგბტ თემის სწარმოამდგენლებისა ვერ გამოვიდნენ ქუჩაში, რადგან საქართველოში არის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი პროცენტულად აგრესიუალდ განწყობილი მათ მიმართ. მათ უბრალოდ ფიზიკური უსაფრთხოების გარანტიები ვერ მისცა შსს-მ. ისინი ვერ გამოვიდა ქუჩაში" - თქვა კაკაბაძემ.
იაკობაშვილმა კი აღნიშნა, რომ შესაძლოა, ლგბტ ადმაიანები 17 მაისს ქუჩაში უბრალოდ არ გამოვიდნენ, რადგან „საყვარელი საქმით იყვნენ დაკავებული და აქციებისთივს არ ეცალათ".