მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების საფუძველზე, რომ მას სუს-ში თავის აფეთქება ჰქონდა გადაწყვეტილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
სუს-ში „ლიბერალს“ უთხრეს, რომ „ნებისმიერი პირის მიერ მსგავსი შინაარსის საჯარო განცხადების შემთხვევაში, ტერორისტული აქტის ჩადენაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია, სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს".
უწყებაში „ლიბერალს" არ უპასუხეს შეკითხვებზე, რომელი მუხლით ან როდის დაიწყო გამოძიება.
31 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ რამდენიმე ადამიანთან ერთად გადაწყვეტილი ჰქონდა სუს-ში თავის აფეთქება, მომდევნო დღეს კი განმარტა, რომ ეს ემოციების გამო თქვა.
„დიდ ღმერთს ვფიცავარ, ალაჰს ვფიცავარ, თემირლანს რომ მოსვლოდა საქართველოს წინააღმდეგ რაიმეს გაკეთება აზრად, ჩემი ხელით დავახრჩობდი. მე ათასჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში, მე არ ვარ ის ადამიანი... მე ჩეჩენი კაცი ვარ, ქართული კულტურით გაზრდილი. მე სხვა ადამიანებისგან განსხვავებით მიყვარს ეს საქართველო.
მე ორჯერ მომიკლეს შვილი, ჩემთვის მოკვლაზე უფრო მძიმე მისი ტერორიზმში დადანაშაულებაა. ერთი წელი გარეთ არ გამოსულა. ფული შევაგროვე, რომ ოპერაცია გაეკეთებინა და გარეთ გამოსულიყო. ამათ კიდევ საწოლში ჩამიცხრილეს და ტერორიზმში დაადანაშაულეს. ამის მერე კიდევ მეუბნებიან, ეს რატომ თქვიო, ეს განცხადება რატომ გააკეთეო. ამ მუსლიმ კაცს თუ რაღაც წამომცდა, ამაზე კუდი მოაბეს.
ეს არ არის კარგი საქციელი. შესაძლოა, ემოციურად გამომივიდა. შესაძლოა, ნებისმიერი ჩემს ადგილას ასე მოქცეულიყო, მაგრამ ეს რომ ჩემს ჩეჩენ ხალხს გაეკეთებინათ ჩემთვის, მე მართლა ავიფეთქებდი თავს და თემირლანს გავაყოლებდი ერთ ათას ადამიანს, მაგრამ მე ქართველ ხალხს არ გავუკეთებ და არც გავუკეთებდი“, – თქვა მაჩალიკაშვილმა.