მთავარი პროკურატურის ცნობით, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
„2018 წლის 11 ივნისს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, ქ. მარნეულში, ე.ა-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. საქმეზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, შედეგების შესახებ საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას მიაწვდის დამატებით ინფორმაციას“, - აცხადებენ პროკურატურაში.
„სტუდია მონიტორის“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირზე, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მარნეულის რაიონის მცხოვრებმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და მარნულის მერის თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა. ეს ფაქტი აქციის სხვა მონაწილემ სოციალურ ქსელში გაავრცელა, ამ ვიდეოდან რამდენიმე დღეში კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც იგივე პიროვნებამ „ოცნების“ მისამართით გაჟღერებული გინება უკან წაიღო და ბოდიში მოიხადა.
„სტუდია მონიტორი“ სიუჟეტში ამბობს, რომ წყარომ მათ მიაწოდა კიდევ ერთი ვიდეო, სადაც სავარაუდოდ ასახულია, რომ ზემოთხსენებული პიროვნება, ზეწოლის შედეგად, სახეზე შარდს ისვამს.
როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ადამიანზე ზეწოლა ქართული ოცნების ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.
„მონიტორთან“ საუბრისას, მარნეულის მერი აღიშნულს უარყოფს და ამბობს, რომ ვიდეოები არ უნახავს.
სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლით, რაც დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.