
„შეხვედრაზე სამთავრობო ცვლილებების შესახებ საუბარი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა გარკვეული საკითხების საკმაოდ მწვავე განხილვა იყო. უფრო მეტ დეტალებში არ შევალ“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სოზარ სუბარმა, „პირველი არხის" ტოკშოუში („აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“) სტუმრობისას.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე - რამდენად დროული იყო გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილება? სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ გარკვეული ცვლილებების საჭიროება მომწიფებული იყო.
„ყველა პრემიერმა, ვინც ამ ხნის განმავლობაში იყო, თავისი როლი შეასრულა და თავისი პოზიტივი დააგროვა. თუმცა, ამ პოზიტივთან ერთად, როცა ქვეყანაში ამდენი გაჭირვებაა და ვერ ახერხებ, ყველა პრობლება ერთბაშად გადაწყვიტო, ცხადია, ბევრ ნეგატივსაც იკიდებ. ამიტომ, თვითონ პიროვნებისთვისაც კარგია, თავისთვის ახალ ასპარეზს რომ მონახავს და იმ ასპარეზს, სადაც ამ ხნის განმავლობაში ძალიან წარმატებით მოღვაწეობდა, ახალ ადამიანს მისცემს“, – განაცხადა სუბარმა.
შეკითხვაზე - რა ფუნდამენტურ საკითხებზე ჰქონდათ განსხვავებული პოზიცია ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს? სუბარმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე საკმაოდ განსხვავებული შეხედულებები იყო, იყო ბანკებთან დაკავშირებული პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა ატარებდა.