
„პრობლემები და გამოწვევები მართლმსაჯულების ნაწილში გვაქვს, რასაც მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯებით უნდა უპასუხოს და თუ ამ ნაწილში მნიშვნელოვან წინსვლას ვერ ვახერხებთ, მაშინ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხს დავაყენებდი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან კობერიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „თუ სამართლის აღსრულებასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხები არ გაეცემა, სრულიად ლეგიტიმური იქნება მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ“.
„ჩემთვის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მოსალოდნელი არ იყო. პრემიერმა ქვეყანა ჩაიბარა 2%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და დღეს ეკონომიკური ზრდა არის 6.5%. ამ ხნის განმავლობაში გვქონდა ძალიან სერიოზული წინსვლა ჩვენს სტრატეგიულ პატრნიორებთან. ქვეყანაში ნელი, მაგრამ სტაბილური წინსვლა შეინიშნება და მთელი რიგი მიმართულებით გვაქვს მხოლოდ დადებითი ძვრები. ეკონომიკურ პარამეტრებში რა თქმა უნდა, სასურველია უფრო მეტი ზრდა და უფრო მეტი სისწრაფე, მაგრამ ვთვლი, რომ არაფერი მიუთითებს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო პრემიერის გადადგომის მიზეზი. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები ჩვენ გვაქვს სამართალიანობის შეგრძნებასთან და რიგ საქმეებზე სასჯელის დადგომის აუცილებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.