საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადება მან 13 ივნისს კანცელარიაში გააკეთა.
კვირიკაშვილის გადადგომას ვაშინგტონში აფასებენ და ამბობენ, რომ მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან წასვლა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან ერთად ბიძინა ივანიშვილის როლსა და პოლიტიკურ პროცესებზე მის გავლენას უკავშირდება. არსებული არაფორმალური მმართველობა კი, თავის მხრივ, საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს ზიანს აყენებს.
ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ საქართველოში პრემიერის უფლებამოსილება ხელოვნურადაა შეზღუდული.
„გიორგი კვირიკაშვილი გამოცდილი ლიდერია და მან საგარეო მინისტრის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შესანიშნავი სამსახური გასწია. პრემიერ-მინისტრი საქართველოში ყველაზე მეტი ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსი უნდა იყოს, დღევანდელ პირობებში კი ეს ასე არ არის. ეს უჩვეულო შემთხვევაა და უნდა შეიცვალოს“, - თქვა ჰერბსტმა.
კვირიკაშვილის თქმით, გადადგომის მიზეზი მმართველ გუნდსა და პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან განსხვავებული შეხედულებები იყო. ჰერბსტი ამბობს, რომ ამ აზრთა სხვადასხვაობის ერთ-ერთ ფაქტორად თბილისში ბოლო საპროტესტო გამოსვლები შეგვიძლია განვიხილოთ.
„კვირიკაშვილის გადადგომა თბილისში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე პროტესტზე რეაქციას ჰგავს, თუმცა, რთულია იმის თქმა, შეაჩერებს თუ არა მისი გადადგომა საპროტესტო გამოსვლებს“, - ამბობს ჰერბსტი.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომის შემთხვევაში, მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს და შესაბამისად, მთავრობას ავტომატურად უწყდება უფლებამოსილება.
კარნეგის ფონდის უფროსი მკვლევარი პოლ სტრონსკი ფიქრობს, რომ პრემიერის გადადგომა „ქართული ოცნების" შიდა დაპირისპირებებს აჩვენებს, და პრობლემას შეუქმნის მას, რადგან გაურკვეველია, გრძელვადიან პერსპექტივაში ამას როგორი შედეგები ექნება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრსა და ივანიშვილს შორის განსხვავებები დიდი ხანია, რაც არსებობს.
„გასული თვის პროტესტი საქართველოში აჩვენებს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არსებული სტატუს კვო არ მოსწონს. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის მიზეზები შედარებით ვიწრო საკითხები - კლუბებში შეჭრა და ახალგაზრების მკლელობა - გახდა, მან თავისი როლი შეასრულა. საქართველოს ეკონომიკა სირთულეების წინაშეა. ეს მთლიანად კვირიკაშვილის ბრალი არ არის, თუმცა, როგორც ჩანს, კვირიკაშვილი კულისებს მიღმა ივანიშვილის კრიტიკით და მოქმედებებით შეწუხდა", - განაცხადა სტრონსკიმ.
მისივე თქმით, „არაფორმალური და კულისებს მიღმა მმართველობიდან ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა, მისი როლის ფორმალიზება და ინსტიტუციონალიზაცია ვფიქრობ, სწორი იქნება. თეორიულად, ეს მას უფრო ანგარიშვალდებულს გახდის“.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის როლს ასევე ხაზს უსვამს ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი. მისი თქმით, ივანიშვილმა უნდა მისცეს მთავრობას შესაძლებლობა, ქვეყნის მართვის პროცესი დამოუკიდებლად აწარმოოს.
„ეს შემაშფოთებელი სიგნალია. უკანასკნელმა დემონსტრაციებმა ახალგაზრდის მკლელობის გარშემო, მთავრობა შეარყია. თუმცა, ყველაზე მეტად მე ის მაღელვებს, რომ მთავრობა გარედან იმართება. შემაშფოთებელია ერთი ადამიანის გავლენა, რომელსაც ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს. მე საქართველოში მინდა ვნახო სტაბილური მთავრობა და ინსტიტუტები. ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, უნდა შეეძლოთ თავიანთი საქმის კეთება“, - ამბობს იალოვიცი.
კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, კანონის თანახმად, პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა შვიდი დღის ვადაში უნდა განიხილოს და ახალ მთავრობას ნდობა კენჭისყრით გამოუცხადოს. მიმომხილველებს მიაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მართვას უნდა ჩამოშორდეს ან პოლიტიკაში დაბრუნდეს და ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა იკისროს.
„კვირიკაშვილის გადადგომა დიდი სიურპრიზი არ არის. პირიქით, ამას უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ბევრი ფიქრობდა. 2015 წელს პრემიერის თანამდებობაზე მოსვლისთანავე ის ძალზედ რთულ პოზიციაში აღმოჩნდა, რადგან ბიძინა ივანიშვილი იყო ის, ვინც რეალურად იღებდა გადაწყვეტილებებს. კვირიკაშვილი წესიერი ადამიანია, რომელმაც, რაც შეეძლო, გააკეთა საქართველოს წინსვლისთვის, თუმცა მას უწევდა ზურგსუკან ყურება და ივანიშვილის დასტურის მიღება. მსგავსი ვითარება დიდხანს ვერ გასტანდა. ივანიშვილი ან უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან და აიღოს პასუხისმგებლობა, ან უკან უნდა დაიხიოს და აცადოს შემდეგ პრემიერ-მინისტრს მოვალეობის შესრულება. საქართველო ვერ გადაიტანს პოლიტიკური და სამთავრობო ინსტიტუტების პარალიზებას“, - ამბობს დევიდ კრამერი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და „მაკკეინის ინსტიტუტის" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი.
გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის თანამდებობაზე 2015 წლის დეკემბერში აირჩიეს. 2012-2015 წლამდე სხვადასხვა დროს მას რამდენიმე თანამდებობა ეკავა. ის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი იყო.
ავტორი: ანი ჩხიკვაძე
მასალა მოამზადა „ამერიკის ხმამ“