ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დუისსა და ბირკიანში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი და დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებულები,- ამის შესახებ ინფორმაციას „პანკისის სათემო რადიო“ ავრცელებს.
პანკისის სათემო რადიოს WAY-ს ინფორმაციით, რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავ მანქანაზე ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის მამის, ახმად კადიროვის დიდი ფოტოსურათი იყო გაკრული და რამდენიმე მანქანა ხეობაში ასე მოძრაობდა, მანქანებიდან კი სკანდირებდნენ „ახმადი ძლიერია“.
ამ ფაქტმა ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტომობილებიდან ახმად კადიროვის ფოტოების მოხსნა მოითხოვეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.