როდის გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მომზადებული ფილმი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე? ამ კითხვით „ლიბერალმა" გიორგი გვიმრაძეს მიმართა.
გვიმრაძის თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ მომზადებულ ფილმთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს.
მან, როგორც ბლოკის ხელმძღვანელმა, ფილმი შენიშვნებთან ერთად გაუგზავნა ბორდის წევრებს და სთხოვა, კომპეტენციის ფარგლებში განიხილონ და თავიანთი მოსაზრებები გაუზიარონ.
გვიმრაძე ამბობს, რომ ფილმის სცენარი 6 ივნისს მიიღო პირველად, 8 ივნისს კი შენიშვნებით დაუბრუნა სამუშაო ჯგუფს. 12 ივნისს ნახა ფილმის პირველადი ვერსია. მან ისევ გაუგზავნა შენიშვნები სამუშაო ჯგუფს და ამის შემდეგ ფილმის შესწორებული ვერსია 13 ივნისის ღამეს მიიღო სამუშაო ჯგუფისგან. თუმცა, როგორც გვიმრაძე ამბობს, „სამუშაო ჯგუფი ფუნდამენტურ შენიშვნებს არ იზიარებს“.
გვიმრაძე ფიქრობს, რომ სამუშაო რეჟიმში შენიშვნების მიცემა/გათვალისწინების ეტაპი მან, როგორც ბლოკის ხელმძღვანელმა, დაასრულა ფილმის მომზადებაზე პასუხისმგებელ ჯგუფთან.
„მე, როგორც ბლოკის ხელმძღვანელი, გეუბნებით ჩემს აზრს, იმ შენიშვნების გაუთვალისწინებლად, რომელიც მე მაქვს, ამ ფილმის გაშვებას არ ვეთანხმები. სამუშაო ჯგუფი ფუნდამენტურ შენიშვნებს არ იზიარებს. სწორედ იმიტომ, რომ ისინი არ მეთანხმებიან ამიტომ მივმართე ბორდს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განიხილონ ეს ფილმი და გაგვიზიარონ შთაბეჭდილება." - ამბობს გვიმრაძე. მისივე თქმით, მან ეს ფილმი შენიშვნებით ასევე გაუგზავნა ომბუდსმენს და პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიას.
შეკითხვაზე, რა ფუნდამენტური შენიშვნები აქვს, გვიპასუხა, რომ „ამ ეტაპზე თავს შეიკავებს საუბრისგან“.
შეკითხვაზე, როდის გავა ფილმი ან როდის ექნებათ პასუხი ფილმის გაშვება/არ გაშვების შესახებ, გვითხრა რომ „ამ ეტაპზე ელოდება ბორდს და ასევე ომბუდსმენისა და სამოგაძიებო ჯგუფის წევრთა მოსაზრებებს"
„ლიბერალი“ დაუკავშირდა ფილმის ერთ-ერთ ავტორს, ლია ტოკლიკიშვილს. მისი თქმით, მისთვის ცნობილია, რომ ფილმი ბლოკის ხელმძღვანელის შენიშვნებით განსახილველად წარედგინა ბორდის წევრებს, რომლებსაც, მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფმაც გაუზიარა თავისი არგუმენტები და მოსაზრებები.
ლია ტოკლიკიშვილი ამბობს, რომ არ ეთანხმება იმ აზრს, რომ მაუწყებელში დიქტატია და მიაჩნია, რომ ფილმთან დაკავშირებით მსჯელობა მენეჯმენტთან გაგრძელდება და ის ეთერში გავა - „ეს სიფრთხილე, რომელსაც მენეჯემენტი იჩენს, შესაძლოა, საკითხის მნიშვნელობითაც არის განპირობებული, რადგან ამ თემამ პოლიტიკური დატირთვა შეიძინა."
შეკითხვაზე, გიორგი გვიმრაძის რა ფუნდამენტური შენიშვნები არ გაიზიარა ფილმზე მომუშავე ჯგუფმა, ლია ტოკლიშვილმა გვიპასუხა:
„ჩვენ არ გავიზიარეთ გიორგი გვიმრაძის ორი შენიშვნა. ერთი, მას მიაჩნია, რომ საქმეზე, რომლის ხელახალი გამოძიებაც დაიწყო შსს-მ, ჟურნალისტური გამოძიება არ უნდა მომზადდეს. ჩვენ ეს პოზიცია არ გავიზიარეთ. ასევე, ის აპელირებდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე, რადგან ჩვენ ფილმში გამოვკვეთეთ სხვა პირებიც, რომელთა ბრალიც შესაძლოა, იკვეთებოდეს. მიგვაჩნია, რომ ამ პირებთან მიმართებით კონფიდენციალურობის ნაწილი დაცული გვაქვს და ამიტომ ამ მოსაზრებებს პრეზუმფციის შესაძლო დარღვევაზე არ ვიზიარებთ." - ამბობს ლია ტოკლიკიშვილი.
მისივე თქმით, ამ ფილმზე მუშაობა ორი თვის წინ დაიწყეს და სასამართლოს გადაწყვეტილებას მათ მიერ მოკვლეული არაერთი ეპიზოდი დაემთხვა. ამბობს, რომ მათ ამ ფილმში ორივე ბრალდებულთან მიმართებით აქვთ ვერსიები და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილშიც სვამენ კითხვებს.
ლია ტოკლიკიშვილი ფიქრობს, რომ ამ ფილმის გაშვება პრინციპულად მნიშვნელოვანია იმ მოცემულობაში, როცა გამოძიება ისევ შს სამინისტროში დაბრუნდა.