ფოტო: აი ფაქტი • ifact.ge
პარლამენტის დეპუტატი, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია გეგმავს ტელეკომპანია რუსთავი 2-ს და გამომძიებელ ჟურნალისტურ გაერთიანება ifact - ს სასამართლოში უჩივლოს.
"ვეხმიანები ტელეკომპანია რუსთავი 2 ის შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტს, სადაც რუსთავი 2 ის ჟურნალისტმა და ifact-ის წარმომადგენელმა გაავრცელა განზრახ ცრუ, ცილისმწამებლური და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია. კერძოდ, მე დამაკავშირა კომპანია ,,Qnet,,-ან და მის საქმიანობასთან რაც არის სრული სიცრუე.
მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე ვაცნობე გადაცემის წამყვან ჟურნალისტს, მან განზრახ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია.
ამ კომპანიასთან არასოდეს მქონია და არ მაქვს არანაირი ურთიერთობა და მოვითხოვ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო იმსჯელოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ, რომელსაც მივმართავ ხვალ საჩივრით.
ხოლო შემდგომ, გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციების გამო მივმართავ სასამართლოს რუსთავი 2 და ჟურნალისტთა ჯგუფის ifact ის წინააღმდეგ". - წერს დეპუტატი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact - მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეკა ბესელიას ოჯახის წევრები QNET-ის ქართულ ოფისს მართავენ. "ოფისი კი ეკა ბესელიას საკუთრებაში მდებარეობს. პირამიდის პრინციპზე დაფუძნებულ ქსელურ მარკეტინგს ეწევა. ეკონომისტების აზრით, პირამიდის მოდელის მქონე კომპანიები მოგების მისაღებად თაღლითურ სქემას იყენებენ."
ifact-ის დამფუძნებელი ნინო ბაქრაძე "ლიბერალთან" საუბარში ამბობს, რომ ისინი ინფორმაციას მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებით და გადამოწმების შემდეგ ავრცელებენ და ეს კონკრეტული შემთხვევაც არ ყოფილა გამონაკლისი. "ეს ინფორმაცია ოფიციალურ დოკუმენტებს ეყრდნობა, ასე რომ თუ მას სურვილი ექნება გვიჩივლოს, ჩვენ მზად ვართ ამ დავისთვის." - ამბობს ბაქრაძე.