დღეს სააპელაციო სასამართლო მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) საქმეს განიხილავს. მსახიობმა თავის სიტყვაში მართლმსაჯულებაზე, რომელიც, მისი შეფასებით, არასამართლიანია თქვა, რომ მას ამაში მონაწილეობა აღარ უნდა.
„ხშირად პოლიტიკოსებისგან სადღეგრძელოს პათოსით გვესმის, რომ ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლო. სად არის ის სამართლიანი სასამართლო ან რომელ სამართლიან მართლმსაჯულებაზე ვსაუბრობთ, როდესაც თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ჩემს მიმართ ნარკოტიკების ჩადების ფაქტზე და პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსამართლემ შორენა გუნცაძემ თავად აიღო თავის თავზე საგამოძიებო ფუნქციები და განაჩენით დაადგინა, რომ ნარკოტიკების ჩადებას ადგილი არ ჰქონია და ამით, გამოძიების დასრულებამდე „გააპრავა“ პოლიციელები.
რომელ სამართლიან სასამართლოზე ვლაპარაკობთ, როდესაც თქვენ, პატივცემულო მოსამართლეებო, უარი გვითხარით გამოძიების მასალების გამოთხოვაზე იმ გამოგონილი საფუძვლით, რომ ამით გამოძიებას ხელი შეეშლებოდა. გულში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ არც მიპასუხოთ.
თუ თქვენ დაინტერესებული ხართ სიმართლის დადგენით, შეგეძლოთ, ეს მასალები თავისუფლად გამოგეთხოვათ, მაგრამ, როგორც ვხედავთ, განაჩენი უკვე დაყენებული გაქვთ.
დღეს ამ ყველაფერს სასამართლო პროცესი ჰქვია. სინამდვილეში, სასამართლო არ არსებობს, როგორც სამართალი. არსებობს მხოლოდ პროცესი და წინასწარ გამოტანილი განაჩენები.
დღევანდელი ქართული სასამართლო უკანონო განაწყვეტილებებით ადამიანებს უბიძგებს, რომ სასამართლო დარბაზიდან ქუჩაში გადაინაცვლონ და დემონსტრაციებით ეძებონ სამართალი.
მე არ ვაპირებ გაჩერებას და თავის დახრას იმ სისტემის წინაშე, რომელმაც ჩემს მსგავსად, უამრავი ადამიანი გაწირა და დამნაშავედ აქცია. მინახავს ისეთი საქმეები, სადაც ადამიანები სისტემას გადაურჩნენ, მაგრამ არასდროს არ მინახავს დასჯილი პოლიციელები და მათ წინააღმდეგ დაწყებული საქმეები ბოლომდე მიყვანილი.
ამ მახინჯი პოლიციური პრაქტიკის შემოქმედი ყოველთვის შსს და პროკურატურა არაა, ჩამდებ პოლიციელთა ქმედებებს „აპრავებთ“ თქვენ, სასამართლოში. რომ არსებობდეს მკაცრი სამოსამართლო კონტროლი პოლიციელთა ქმედებებზე, დარწმუნებული ვარ, რომ აღარ იარსებებდა ისეთი ბინძური სისტემა, სადაც ორი პოლიციელის ჩვენებით უდანაშაულო ადამიანი დამნაშავე ხდება.
დაახლოებით წელიწად-ნახევარია ამ აბსურდულ ქაოსში ვცხოვრობ და ვიტყუებდი თავს, რომ ამ მართლმსაჯულების რომელიმე რგოლი შეიძლებოდა ყოფილიყო ადეკვატური და დაინტერესებული სიმართლით, მაგრამ არა. პირველივე პროცესზე გადამიწურეს იმედი, როდესაც არც ერთი ჩვენს მიერ დაყენებული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილდა. დიდი ბოდიში, მაგრამ ამ ფარსში მონაწილეობა მე აღარ მინდა, თუ შეიძლება დავტოვებ დარბაზს. მადლობა მინდა გადავუხადო ვინც აქ ხართ, ყველას [მიმართა დარბაზში მყოფებს]. ერთადერთი თქვენი იმედი მაქვს", - თქვა სასამართლო სხდომაზე გიორგი გიორგანაშვილმა.
გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის და სასჯელის სახედ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.
დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან მასში ცალმხრივად არის განხილული და ნამსჯელი ბრალდების მტკიცებულებებზე. მოსამართლეს ჯეროვნად არ უმსჯელია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე. შესაბამისად, 2018 წლის 23 იანვრის განაჩენი უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი.