პანკისში, სოფელ დუისის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებენ.
თემირლანის მამასთან - მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად აქციაზე ზაზა სარალიძეც იმყოფება, - ამ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ 2017 წლის დეკემბერში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლანის უდანაშაულოდ ცნობასა და სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯას. მაჩალიკაშვილების ოჯახი არ გამორიცხავს, რომ აქციები თბილისშიც გაგრძელდეს.
„რუსთავი 2-ის“ ცნობით, აქციაზე იმყოფება ხეობის უხუცესიც. ის ამბობს, რომ მსგავსი სპეცოპერაციის საჭიროება, რასაც ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობა მოჰყვა, არ არსებობდა.
„სამართლიანობა დადგეს, გამოძიება ჩატარდეს. ობიექტურად გამოვლინდეს დამნაშავე. ჩვენ ვაპროტესტებთ, რომ არ იყო საჭირო ასეთი სპეცოპერაცია. არასწორი მეთოდებია გამოყენებული, რასაც მკვლელობა მოჰყვა,“ - განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესმა ხასო ხანგოშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია დღეს თბილისში, მოდულის შენობასთანაც გაიმართა. აქციაზე ასევე იმყოფებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის ბიძაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ უნდა დაისაჯოს სპეცრაზმელი, რომელმაც თემირლანს ესროლა და თავად თემირლანი უდანაშაულოდ უნდა გამოცხადდეს.