„სასამართლო ისევ იმ დღეშია, რა დღეშიც იყო 5, 10 და 15, 20 წლის წინათ. პროცესზეც ვხედავდით, რომ ზოგიერთი მოსამართლე თვლემდა კიდეც. ეს დიაგონოზია მართლმსაჯულების სისტემისთვის. 3 ადამიანიდან, რომლებიც საქმეს უნდა უსმენდნენ ძალიან ყურადღებით, ერთს სძინავს, ამით ყველაფერი ნათქვამია“, - განაცხადა გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ პროცესის დასრულების შემდეგ.
დღეს მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო.
მახარაძის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ისეთივე უსამართლოა, როგორიც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.
„აქ უფრო ტრაგიკულადაა საქმე, ვინაიდან 3 მოსამართლე ბრმა აღმოჩნდა მტკიცებულებების შეფასების მიმართ, რომელიც აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო შორენა გუნცაძის განაჩენში. ჩვენ არც გვქონია მეტი მოლოდინი. გახსოვთ წინა პროცესები, რომელზეც სასამართლო აბსოლუტურად უგულებელყოფდა დაცვის მხარის შუამდგომლობებს, რომელიც მიმართული იყო საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისკენ. მაგალითად, ქალაქის პროკურატურაში პოლიციელების მიმართ დაწყებული გამოძიებიდან მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით. ძალიან მარტივია ხომ, თუ ადამიანს გინდა დარწმუნდე, ობიექტურად რა მოხდა იმ დროს, ამისთვის გინდა რაღაც მტკიცებულებები. დაცვის მხარეს ამ მტკიცებულებების გამოთხოვაზეც კი უარი გვითხრა სასამართლომ. ჩვენ ამის შემდეგ პალატის აცილების შუამდგომლობაც დავაყენეთ. ესეც ცხადია, არ დაგვიკმაყოფილდა“, - განაცხადა მახარაძემ.