„თქვენ რეალურად ადასტურებთ, რომ 20 000 ლარის გადარიცხვა [„ნაციონალური მოძრაობისთვის"] დაგავალა, ან დაგაძალა თქვენმა იმდროინდელმა დამსაქმებელმა", - მიმართა ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს.
როგორც დეპუტატი ამბობს, მამუკა ბახტაძეს, მას შემდეგ, რაც დამტკიცებული იქნება პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ოკუპანტმა სახელმწიფომ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, რომ დააძალოს, ამას გააკეთებს?
„ბიძინა ივანიშვილმა, რომ დაგაძალოთ კრიმინალზე ხელის დაფარება, გააკეთებთ ამას, ბატონო მამუკა?", - მიმართა ბოკუჩავამ ბახტაძეს და განაგრძო, - „თუ ასეთი მყიფე ბრძანდებით, არ მგონია, რომ თქვენ შესაფერისი იყოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრობისთვის".
აღნიშნულ საკითხზე ბახტაძემ ოპოზიციას შემდეგი ნპასუხი გასცა:
„ჩემ მიერ გადარიცხულ თანხაზე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მე მაქვს პირდაპირი პასუხი - არა, მე ჩემი თანხა არასოდეს გადამირიცხავს ენმ-სთვის. თქვენ 2012 წელს, იმიტომ, რომ არ ჰქონოდა საშუალება „ქართულ ოცნებას", დაეფინანსებინა პარტია, ადეკვატურად შეცვალეთ კანონი და იურიდიულ პირებს აუკრძალეთ პარტიების დაფინანსება. ამას მოჰყვა ცვლილება კანონში საბანკო საქმიანობის შესახებ. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი ფიზიკური ანგარიში გამოიყენეს მხოლოდ ტექნიკურად. რაც შეეხება შეკითხვას იდეოლოგიურ თანხვედრაზე - მე 2012 წლიდან ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. 2012 წელს ვიყავი დაკავებული მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხებით „ქართულ ოცნებაში“ და 2012 წლის ოქტომბერს ქართველ ერთან ერთად ვიზეიმე თქვენი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან" - თქვა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას.