საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე მინისტრობის კანდიდატებთან ერთად საპარლამენტო უმცირესობას წარუდგა. "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთო კახიძემ ბახტაძეს მიმართა კითხვით - „მეტი რა უნდა გააკეთოს (გააფუჭოს) იუსტიციის მინისტრმა რომ თქვენს კაბინეტში აღარ იყოს?" ამ კითხვამდე კი დეპუტატმა ჩამოთვალა 10 მიზეზი თუ რატომ უნდა გადადგეს "ქართული ოცნების" იუსტიციის უცვლელი მინისტრი თანამდებობიდან:
1. იუსტიციის მინისტრი სამართლის მინისტრია, თეა წულუკიანმა კი ეს თანამდებობა ისე დაიკავა, რომ მას უმაღლესი იურიდიული განათლება არ ჰქონია. მაშინ კანონი იმპერატიულად ითხოვდა, რომ იუსტიციის მინისტრს, რომელიც ამავდროულად მთავარი პროკურორი იყო, ჰქონოდა უმაღლესი იურიდიული განათლება. წულუკიანს კი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრატურა აქვს დამთავრებული. ეს კანონი მომავალში სპეციალურად მისთვის შეიცვალა.
2. თეა წულუკიანმა, რომელიც იყო მთავარი პროკურორი, და მისმა დაქვემდებარებულმა უწყებამ, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა და გაათავისუფლა ახმედ ჩატაევი. ის კი შემდგომ ეჭვმიტანილი იყო სტამბულის ტერაქტში და ამის მერე თბილისში რა ამბებიც დაატრიალა, ალბათ ყველას გახსოვთ.
3. ქალბატონმა წულუკიანმა მოამზადა ე.წ. სავიზო რეფორმა, მის ცნობილ ქსენოფობიურ განცხადებას შეგახსენებთ, ჩინელები და ირანელები შევავიწროვეთო, რომ თქვა. ამ შეზღუდვებმა მინიმუმ ათეულობით მილიონი დოლარი დააკარგვინა ჩვენს ქვეყანას. როგორც პირდაპირი ინვესტიციების, ისე ტურისტული ნაკადების სახით.
4. თეა წულუკიანმა აწარმოა კომუნიკაცია ინტერპოლთან, და მან ყველა დავა, ისეთებიც, რომელსაც მე ვაწარმოებდი, წააგო, და წააგო ისე რომ მიიღო პირდაპირი ოფიციალური უარი, რადგან საქმეები იყო პოლიტიკურად მოტივირებული.
5. თეა წულუკინამა წააგო უპრეცენდენტო საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვგულისხმობ ვანო მერაბიშვილის საქმეს, წააგო ევროკონვენციის 18-ე მუხლის დარღვევა, წააგო ორჯერ, როგორც სექციაში, ისე დიდ პალატაში. ეს საქმე საერთაშორისო მასშტაბით დიდი დარტყმაა ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტების იმიჯზე.
6. მან წააგო საექსტრადიციო დავები, რომლებსაც იგი აწარმოებდა ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ. წააგო საბერძნეთში, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში.
7. კიდევ ერთი პრეცენდენტულ, „რუსთავი 2"-ის საქმეში, სტრასბურგის სასამართლომ გამოიყენა დროებითი ღონისძიება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების, რომელსაც ქალბატონი თეა მხარს უჭერდა, აღსრულება შეაჩერა. სახელმწიფო ორგანოებს დამოუკიდებელი მედიის საქმეში ჩარევა აუკრძალა.
8. თეა წულუკიანს ევალებოდა სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა და არცერთ ქვეყანას არ დამართნია მსგავსი რამ, მხოლოდ ჩვენმა იუსტიციის მინისტრმა მოახერხა, რომ ევროსაბჭომ ორჯერ ჩაუგდო სია, რომელიც მან წარადგინა.
9. იუსტიციის მინისტმა წააგო საქმე, რომელიც ცნობილია "სუბელიანი-ახობაძის საქმის" სახელით. მისი უშუალო ბრალით, სახელმწიფო ბიუჯეტს ათიათასობით ლარის გადახდა დაეკისრა დაზარალებულისთვის. ეს საქმე დასრულდა, უზენაესმა სასამართლომაც გამოიტანა გადაწყვეტილება, მაგრამ არ ვიცი რის გამო, ალბათ პოლიტიკური სიძულვილის გამო, რომლის გამომჟღავნებასაც ის არასოდეს ერიდება, ეს საქმე აღუსრულებელია.
10. იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს რეფორმებს რამდენიმე მიმართულებით - ერთია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმა, მეორეა ანტიკორუფციული საქმიანობის კოორდინაცია, მესამე ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შესულება. აღნიშნულ საქმიანობაში სახელმწიფოს პარტნიორები არიან შემდეგი ორგანიზაციევი, GYLA, TI, ISFED, IDFI, EMC, GDI, OSGF და აშ. ეს ყველა ორგანიზაცია ითხოვს ქალბატონ თეა წულუკიანის გადადგომას, ვინაიდან უცხადებს უნდობლობას, ეჭვქვეშ აყენებს მის კომპეტენციას, და აკრიტიკებს მის წარსულ და განვლილ საქმიანობას.
„მეტი რა უნდა გააკეთოს (გააფუჭოს) იუსტიციის მინისტრმა, რომ თქვენს კაბინეტში აღარ იყოს?" მიმართა კახიძემ პრემიერობის კანდიდატს.
მამუკა ბახტაძემ პასუხებს თავი აარიდა და კითხვები თავად თეა წულუკიანთან გადაამისამართა, რომელმაც დებატებში შესვლა სცადა, თუმცა, უმცირესობის წევრებმა პრემიერობის კანდიდატს განუმარტეს, რომ სწორედ მისი პასუხი აინტერესებდათ. საბოლოოდ კითხვა უპასუხიდ დარჩა.