„როგორ მოახერხეთ ქალბატონო თეა, რომ სტრასბურგში ორჯერ ჩააგდეს თქვენ მიერ შერჩეული მოსამართლეების სია? როგორ მოახერხეთ ქალბატონო თეა, რომ ევროპულ სასამართლოებში ყველა საქმე წააგეთ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ?“ - „პარტიზანი მებაღე" ნატა ფერაძე Facebook-ზე „ქარდებს" ავრცელებს, რომლებიც იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს ეძღვნება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილისგან განსხვავებით, ფერაძე წულუკიანის შეცდომებსა და ჩაგდებულ საქმეებზე მიუთითებს.
გუშინ საპარლაამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა, რომელსაც უმრავლესობის წევრების ტაში მოჰყვა.
„როგორ მოახერხეთ ქალბატონო თეა, რომ ბიუჯეტი აღარ ივსება საპროცესო შეთანხმებით შემოსული თანხებისგან?
როგორ მოახერხეთ, რომ ადამიანის უფლებები აყვანილია აბსოლუტურად სხვა რანგში?
როგორ მოახერხეთ, რომ პროკურორები ასე უცებ და მყისიერად რეაგირებენ საზოგადოების მოთხოვნებზე?
როგორ მოახერხეთ, რომ ადამიანის წამება, არაადამიანური მოპყრობა და ძალადობა ქვეყანაში აღარ არსებობს?
როგორ მოახერხეთ, რომ ასე მალე მიიღეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი, ანტიდისკრიმინაციული კანონი?
როგორ მოახერხეთ, ასევე, რომ აღსრულების ახალი კანონია მიღებული, ასევე - სისხლის სამართლის კოდექსის ძირეული ცვლილება?
როგორ მოახერხეთ ისე, რომ ამ ყველაფერს ჩვენი ოპონენტები ვერ ხედავნ?
როგორ მოახერხეთ, რომ 83%-ით არის გამამართლებელი განაჩენის რაოდენობა გაზრდილი, 95%-ით შემცირებულია გირაობის ოდენობა, 79%-ით შემცირებულია სასჯელის სახით პატიმრობის შეფარდება, 11- ჯერ ნაკლები საჩივარი იგზავნება სტრასბურგში?
ეს ყველაფერი როგორ მოახერხეთ ქალბატონო თეა?“ - მიმართა ვანო ზარდიაშვილმა.