პირს, რომელიც 17 მაისს ანტიჰომოფობიურ აქციაზე გამომსვლელს თავს დაესხა, ბრალი არ წაყენებია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმის გამოძიება გრძელდება. გამოძიების ფარგლებში დაინიშნა ექსპერტიზაც, თუმცა ჯერ პასუხი ცნობილი არაა. შეკითხვაზე, როდის გახდება ცნობილი ექსპერტიზის პასუხი, ვერ გვპასუხობენ.
17 მაისის აქციაზე ნიკა გორგილაძეს სიტყვით გამოსვლისას დაესხნენ თავს. თავდამსხმელი 15 წლის არასრულწლოვანია და ის ადგილზევე დააკავეს და დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის 1-ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 მაისს განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ საქმეს ძალიან სწრაფად გამოიძიებენ: „გამოძიების პროცესში მოხდება დისკრიმინაციის მოტივის დადგენა და ძალიან სწრაფად იქნება ეს საქმე გამოძიებული".
ნიკა გორგილაძის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი რევაზ აჭარაძე იცავს. მისი ინფორმაციით, შშს-სთან კომუნიკაცია არ ჰქონია და არ იცის, რა ეტაპზეა გამოძიება. ადვოკატმა ნიკო გორგილაძის პოზიციის შესახებ ისაუბრა, რომელიც ცემის ფაქტიდან მალევე გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი.
ნიკა გორგილაძემ განაცხადა, რომ არასრულწლოვნის მიმართ აგრესია არ აქვს. „არანაირი აგრესია არ მაქვს მოძალადე არასრულწლოვნისადმი. დამნაშავეა სისტემა, სკოლა, ეკლესია, ოჯახი, სახელმწიფო. ვისურვებდი, მე და ამ ბიჭს უკეთეს საზოგადოებაში გვეცხოვროს“.