„ღამის თბილისის“ პროექტის მენეჯერი სერგი გვარჯალაძე ქუჩის მუსიკოსებისთვის რეგულაციების დაწესების იდეით გამოდის. თუმცა, მისი თქმით, რეგულაციებით მუსიკა არ აიკრძალება, პირიქით, ეს ქუჩის მუსიკოსებს მეტ სარგებელსაც კი მოუტანს.
„ჩვენი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ ამ სცენას და კოორდინაცია მოვახდინოთ და საშუალება მივცეთ მუსიკოსებს, მაქსიმალურად ისარგებლონ ქუჩაში დაკვრით. ვამუშავებთ ქუჩის მუსიკოსების ფესტივალის იდეას. და შესაბამისი ბარათები გვინდა შევქმნათ და ისეთი ადგილები შევთავაზოთ მათ, სადაც ხმაურის პრობლემა არ შეიქმნება და უფრო მეტ სარგებელს მისცემს მუსიკოსებს. ანუ საუბარია კოორდინაციაზე და ხელშეწყობაზე და არა აკრძალვებზე“, - წერს სერგი გვარჯალაძე Facebook-ზე.
სერგი გვარჯალაძემ ქუჩის მუსიკის რეგულირებაზე პირველად „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. „ალბათ, ქუჩის მუსიკოსებს დასჭირდებათ დოკუმენტი, რომელიც მათ ქუჩაში დაკვრის უფლებას მისცემს", - თქვა ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა ინტერვიუში.
სერგი გვარჯალაძის თქმით, „ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები დგანან ქუჩაში, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მუსიკოსები არ არიან და ეს ვნებს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ყურს, არამედ ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს. ასე რომ, ვფიქრობ, ესეც მოსაწესრიგებელია. ალბათ, ქუჩის მუსიკოსებს დასჭირდებათ დოკუმენტი, რომელიც მათ ქუჩაში დაკვრის უფლებას მისცემს“, - მიიჩნევს გვარჯალაძე.
„არა მგონია, სწორი იყოს გემოვნების რეგულირება“ - ზაზა ხუციშვილი სერგი გვარჯალაძის იდეაზე