დღეს სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც მღვდელმთავრებმა რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს. როგორც სინოდის სხდომის ოქმიდან ჩანს, მათ შორის ერთ-ერთია ნარკოპოლიტიკა. სინოდი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებას გამოიწვევს.
„კანაფის დამზადების ნებართვა, ფაქტობრივად, ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს“, - წერს სინოდი ოქმში.
როგორც ოქმშია ნათქვამი, სინოდი ნარკომომხმარებელთა პატიმრობას მხარს არასდროს უჭერდა, მაგრამ ეკლესია მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი განუხრელად უნდა იყოს დაკავშირებული ნარკოტიკებით მოვაჭრეთა და გამავრცელებელთა მიმართ უმკაცრესი სამართლებრივი ზომების გატარებასთან.
„როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის ლეგალიზაციას ნიშნავს. ეს ლოგიკურად აყენებს ამ ნარკოტიკის მოპოვების ლეგალური გზების მოძებნის საკითხს და ეს ყველაფერი საბოლოოდ საქართველოში მარიხუანას (კანაფის) ლეგალური ნებადართული კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც ყოვლად მიუღებელია.
ეკლესია არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას.
კანაფის დამზადების ნებართვა კი, ფაქტიურად, ნარკო-ვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს.
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი განუხრელად უნდა იყოს დაკავშირებული ნარკოტიკებით მოვაჭრეთა და გამავრცელებელთა მიმართ უმკაცრესი სამართლებრივი ზომების გატარებასთან და სახელმწიფოს მხრიდან შემდეგი ნაბიჯების გადადგმასთან (რაც ადრე საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშიც დაფიქსირდა):
ა) ქვეყანაში დროულად უნდა შეიქმნას სათანადოდ მოწყობილი სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს გამოსწორების საშუალება ექნებათ.
ბ) ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით საჭიროა მედია საშუალებების აქტიური ჩართულობა, რომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი;
გ) აუცილებელია სასწავლებლებში სპეციალური კურსის შემოღება, რომ, ახალგაზრდებმა გააცნობიერონ რას უქადის მათ ჯანმრთელობას ნარკოდამოკიდებულება და შეექმნათ უარყოფითი განწყობა;
დ) გამკაცრდეს ზომები ნარკოტიკების უკანონო შემოტანასა და გავრცელებასთან მიმართებაში; ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და, განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა წრეში მის მოხმარებასთან დაკავშირებით;
ე) ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს ნარკოდამოკიდებული ადამიანების სამუშაოთი უზრუნველყოფის საკითხი“, - ნათქვამია სინოდის სხდომის ოქმში.