ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სამი საპატიო სტუმარი ქვეყნის ერთობლივი პროექტის ფარგლებში თბილისს მიშელ უელბეკი ესტუმრა.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრანგმა მწერალმა განაცხადა, რომ მისი ახალი რომანი 2019 წლის იანვარში გამოვა.
„ჩემი მოლოდინი ისაა, რომ გავიგო, რატომ გიყვართ ჩემი წიგნები. მინდა, საერთო წერტილი ვიპოვო, რა აერთიანებს იმ ქვეყნებს, სადაც მოსწონთ ჩემი წიგნები, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიპოვე საერთო გადაკვეთის წერტილი“, - განაცხადა უელბეკმა.
მიშელ უელბეკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართულ ლიტერატურას არ იცნობს.
„შეიძლება ხუმრობად ჟღედეს, მაგრამ ეს სიმართლეა - მოზარდობის პერიოდში სტალინის ძალიან ბევრი ნაშრომი წავიკითხე“.
შეკითხვაზე - რა საერთო აქვს ავტორს საკუთარ პერსონაჟებთან? - მან უპასუხა: ძალიან ხშირად მთავარი პერსონაჟები არიან ის ადამიანები, რომლებიც მე შეიძლება ვყოფილიყავი.
„რას ფიქრობთ კამპანიაზე #MeToo?“ - ამ შეკითხვას საპასუხოდ მწერალმა თქვა, რომ ეს ბოლო 10 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე სულელური იდეაა „ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ქალები ისეადაც ყველაფერს თვითონ წყვეტენ და გადაწყვეტილებებსაც თვითონ იღებენ - როდის დაიწყება ურთიერთობა, საერთოდ, როგორი იქნება ცხოვრება და როდის დასრულდება ურთიერთობა. გვყავდეს ბავშვი თუ არ გვყავდეს და ა.შ. და კაცებს არავინ არაფერს ეკითხება, იმასაც კი არ ეკითხებიან რა აზრის არიან გარკვეულ საკითხებზე, თან იმდენად დიდი ხანია, რაც ასე ხდება, დაგვავავიწყდა კიდეც კაცები რას ვფიქრობთ. ზოგ ქალს გულუბრყვილოდ სჯერა, რომ კაცები ამის გამო შეიცვალნენ, ეს ასე არ არის, კაცები საერთოდ არ შეცვლილან“.
- რატომ მოექეცით ასე სასტიკად მიშელ უელბეკს „რუკა და ტერიტორიაში“?
- ძალიან სახალისოა ამის კეთება. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ხანდახან მაქვს ასეთი ხედვები. იმიტომ მინდოდა ჩემი თავის მოკვლა, რომ ძალიან მინდოდა აღმწერა საკუთარი გასვენება. ეს ყველას ოცნებაა - დაესწროს საკუთარ დაკრძალვას, მე ერთადერთი არ ვარ.
„გამოხატვის თავისუფლება ნელ-ნელა დეგრადირდება, ოღონდ არა იმიტომ, რომ სახელმწიფოს მხრიდან არსებობს ცენზურა. დეგრადირდება იმიტომ, რომ ნებისმიერ პატარა ჯგუფს შეუძლია იჩივლოს, თუ თავს იგრძობს შეურაცხყოფილად. ობიექტური რომ ვიყო, საფრანგეთში რომანი ყოველთვის დაცულია და ძირითადად არასდროს აგებენ მათ წინააღმდეგ წარმართულ პროცესებს მწერლები. სამაგიეროდ ძალიან ფრთხილად უნდა იყო მედიასთან და უმჯობესია მათ საერთოდ არაფერი არ უთხრა“
______________________________________________________________
მიშელ უელბეკი საქართველოს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მოწვევით ფრანგ გამომცემელთან ერთად 23-26 ივნისს სტუმრობს. სამი დღის განმავლობაში მიშელ უელბეკს მასპინძლობას თანამედროვე ქართველი ავტორი არჩილ ქიქოძე გაუწევს.
ვიზიტის ფარგლებში, სასტუმროში Rooms Hotels Tbilisi დაგეგმილია დისკუსია. რუსთაველის
თეატრში კი გაიმართება შეხვედრა ქართველ მკითხველთან. ფრანგი სტუმარი დაათვალიერებს თბილისს და ესტუმრება ყაზბეგს.