შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეიდან აცხადებს განცხადებების მიღებას 365 მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე. მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციის დასაკავებლად აუცილებელი მოთხოვნაა უმაღლესი განათლება.
ასევე, დღეიდან, ფუნქციონირებას იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი - Officer.ge, რომელიც სპეციალურად მართლწესრიგის ოფიცრებისათვის შექმნილი საკომუნიკაციო არხია. მისი მეშვეობით მოხდება მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციაზე განცხადებების მიღება. ამასთანავე, ხსენებული ვებგვერდის გამოყენებით მოქალაქეებს შეეძლებათ მართლწესრიგის ოფიცრებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიღება და მათ ტერიტორიას მიკუთვნებულ მართლწესრიგის ოფიცრებთან უშუალო კომუნიკაცია.
გარდა ამისა, იწყება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის საინფორმაციო კამპანია. მედიაში განთავსდება სარეკლამო ვიდეორგოლი, ხოლო უახლოეს კვირებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო ღია კარის დღე გაიმართება, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება, უშუალო კომუნიკაციის ფორმით, დეტალური ინფორმაცია მიიღოს მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიის, მისი ფუნქცია-მოვალეობების, სამუშაო პირობების და სხვა საკითხების შესახებ.
მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შევა ისეთი საკითხები, როგორიცაა არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება.
მის ფუნქცია-მოვალეობებში, ასევე, შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება.
ეს ინსტიტუტი პირველ ეტაპზე თბილისში, საპილოტე რეჟიმში დაინერგება, სადაც 365 მართლწესრიგის ოფიცერი ეტაპობრივად დაიწყებს მუშაობას.