რამდენიმე თვის წინ პარლამენტის ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტმა „ბავშვთა უფლებების კოდექსზე“ მუშაობა დაიწყო. ინიციატივა კომიტეტის თავჯდომარეს სოფო კილაძეს ეკუთვნის.
როგორც ცნობილია, კანონპროექტის მომზადებაში არასამთავრობო ორგანიზაციები არ იყვნენ ჩართულები. ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, რომელიც კოალიცია „ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ თავჯდომარეცაა, უშუალოდ პროექტის მომზადების პროცესში არ ჩართეს.
რამდენიმე დღის წინ გაიმართა დახურული შეხვედრა, სადაც კომიტეტის წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებს პროექტის პირველადი ვერსია გააცნეს. კომიტეტში „ლიბერალს“ უთხრეს, რომ კოდექსის სამუშაო ვერსია არ არის საჯარო და ვერ მოგვცემდნენ.
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა თავხელიძე „ლიბერალს“ კოდექსის შესახებ ესაუბრა. იურისტი ამბობს, რომ არსებული ვერსიით „ბავშვთა კოდექსი“ ბავშვების უფლებების დაცვის ნაცვლად, პირიქით, ბავშვების უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს.
ანა თავხელიძე აღნიშნავს, რომ ერთიანი საკანონმდებლო აქტის არსებობა ბავშვთა უფლებების შესახებ ძალიან კარგია და ამას ისინი მიესალმებიან, რადგან რიგი რეგულაციები, რომლებიც სხვადასხვა კანონშია გაფანტული ერთ აქტში მოიყრიდა თავს და უფრო მეტი გარანტიების შემცველი იქნებოდა ბავშვთა უფლებების რეალიზებისთვის. თუმცა, როგორც ამბობს, მიუხედავად ამ მოლოდინისა რადიკალურად სხვა შედეგი მიიღეს.
„ზოგადად, იდეა ერთიანი საკანონმდებლო აქტის არის ძალიან კარგი, მაგრამ უფრო მაღალ სტანდარტს უნდა აწესებდეს ეს აქტი. მაგრამ ეს ვერსია რაც ჩვენ დღეს მივიღეთ, ბევრად უფრო დაბალ სტანდარტს აწესებს ვიდრე მაგალითად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, სადაც უფლებების დაცვის საკმაოდ მაღალი სტანდარტია. მოლოდინი იყო რომ მინიმუმ ასეთი სტანდარტის დოკუმენტი იქნებოდა თუ უფრო მეტი არა.
რაც შეეხება ძირითად შენიშვნებს რაც ჩვენ გვაქვს ამ საკანონმდებლო აქტთან:
პირველი ის, რომ ბავშვისთვის გათვალისწინებულია მოვალეობები. მოვალეობები ოჯახის, საგანმანათლებლო დაწესებულების, სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე, ანუ ძალიან ბევრი ვალდებულება აქვს ბავშვს დაკისრებული, რომლის რეგულაციის აუცილებლობა კი არადა, საერთოდ არც უნდა იყოს ჩაწერილი მსგავსი რეგულაცია.
მაგალითად, ის რომ ვალდებულია ბავშვი ოჯახის წევრებს პატივი სცეს. ასევე, ცოტა წარმოუდგენელი ჩანაწერია რომ სისუფთავე დაიცვას (ბავშვის ჰიგიენაზეა საუბარი), მაშინ როდესაც სრულწლოვნების მიმართ მსგავსი ჩანაწერი საკანონმდებლო დონეზე არ გვხვდება.
ასევე, გათვალისწინებულია ძალიან ბევრი შეზღუდვა ბავშვებთან მიმართებით - კონკრეტულ ადგილებში შესვლა, გარკვეულ სახის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. მაგალითად, საფრთხის შემცველი ინფორმაცია ბავშვისთვის, რომელიც ბუნდოვანი განმარტებაა და ამ რეგულაციებში ჩართულია სუს-ი. ამ სამსახურს გარკვეული ბერკეტი აქვს რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე კონტროლი განახორციელოს, რაც ცალსახად დაუშვებელია.
გათვალსიწინებულია მოვალეობების (რაც ზემოთ ვახსენე ოჯახის და საზოგადოების წინაშე) დარღვევის შემთხვევაში შემზღუდავი და დისციპლინური ღონისძიებები ბავშვის მიმართ.
მშობელთა მიმართებით კი არის გათვალისწინებული, რომ ის უნდა იყო დასაბუთებული, თანაზომიერი და პროპორციული, მაგრამ მშობელი მოსამართლე არ არის, რამდენად განსაზღვრავს თანაზომიერი არის თუ არა მის მიერ გამოყენებული ღონისძიება, დასაბუთებაზე საერთოდ ზედმეტია საუბარი. ძალიან ბუნდოვანი ჩანაწერია და ამის აღსრულება როგორ უნდა მოხდეს არავინ არ იცის. არავინ არ გააკონტროლებს ამას და შეიძლება მივიღოთ ის რომ ბავშვებს თვითნებურად მშობლებმა შუზღუდონ გარკვეული უფლებები და ეს დარჩეს პირიქით წახალისებული ამ საკანონმდებლო აქტით.
ჩვენი ტრადიციისა და კულტურიდან გამომდინარე და გარდა ამისა ძალიან ბევრი ფაქტორია, როდესაც საქართველოში სხეულებრივ დასჯას იყენებენ ბავშვებთან მიმართებით, არა მხოლოდ მშობლები, არამედ საგანმანათლებლო დაწესებულებები. შესაბამისად, მითითება იმაზე, რომ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ბავშვს, არის ერთგვარად წამახალისებელი სხეულებრივი დასჯისკენ და არის ძალიან სახიფათო. გარდა ამის ბავშვს არანაირი ბერკეტი არ აქვს, რომ ეს გაასაჩივროს.
ზოგადად ვალდებულებები ეს ტერმინი ბავშვის უფლებების დაცვის კონვენციაში გამოყენებული არის მხოლოდ სახელმწიფოსთან, მშობელთან მიმართებით. ჩვენთან კიდევ პირიქით არის, რომ ბავშვს აქვს არის ვალდებულებები სამყაროს წინაშე, რაც ცალსახად დარღვევაა.
ის, რომ ამდენი შეზღუდვა აქვს ბავშვს დაწესებული საკანონმდებლო აქტში, გაწერილია მაგალითად, დღის წესრიგი, რომელსაც უნდა დაემორჩილოს და ა ა.შ. (მშობლების მიერ შედგენილი დღის წესრიგი), ბავშვს წარმოაჩენს არა უფლებების სუბიექტად არამედ ობიექტად, რაც ბუნებრივია, აკნინებს ბავშვის როლს და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს იგივე თუნდაც სრულწლოვანთან რომელსაც მსგავსი შეზღუდვები არ აქვს.
გარდა ამისა, ამ საკანონმდებლო აქტში გათვალისწინებულია უფლებების ტოტალური შეზღუდვა. ეს რამდენადაც ვიცი შეცვალეს და გაასწორეს ნაწილობრივ მაგრამ მაინც ბუნდოვანი ჩანაწერია.
მაგალითად, გათვალისწინებული იყო რომ სახელმწიფოს ეკონომიკური მდგომარეობის ფარგლებში, დასაშვები იყო უფლების შეზღუდვა. რაც ცალსახად დაუშვებელია, არ შეიძლება ბავშვის უფლების შეზღუდვა გამართლდეს იმიტომ რომ ეკონომიკური რესურსი აქ აქვს სახელმწიფოს, ეს არის პირდაპირ დაუშვებელი. ჩვენთან ეს ჩანაწერი ძალიან ბოროტად შეიძლება იყოს გამოყენებული და გამართლდეს რომ სახელწმიფოს ფული არ აქვს.
სახელმწიფოსთვის ისედაც არ არის ბავშვი პრიორიტეტი და უფლებების ასე შეზღუდვა იქნება ბავშვისთვის ძალიან საზიანო.
კურიოზულ ჩანაწერებსაც ვხვდებით. მაგალითად, 21 წლამდე პირს საცეკვაო დაწესებულებში ღამის 12 საათის მერე შესვლა ეკრძალება. უფლების შეზღუდვის ნაწილში გაზარდეს ასაკობრივი ზღვარი, რაც დაუშვებელია. ანუ 21 წლის ადამიანი მესამე კურსის სტუდენტია და თავისუფლად შეუძლია საჯარო მოხელე იყოს, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიონ და ა.შ. და ამ დროს ასეთი შეზღუდვაა.
ასევე რელიგიის თავისუფლებასთან მიმართებით არის დათქმა, რომ 14 წლის შემდეგ შეუძლია თავისუფლად აირჩიოს რომელ რელიგიას მიაკუთვნებს თავს. რელიგიასთან მიმართებით ასაკობრივი ზღვრის დაწესება არის ყოვლად დაუშვებელი და თავისუფლების პრინციპს ეწინააღმდეგება. კონვენცია მსგავს დათქმას არ ითვალისწინებს", - ამბობს ანა თავხელიძე.
იურისტი აღნიშნავს, რომ გათვალსიწინებული სამი შეხვედრა რომელიც თითქოსდა შენიშვნების მისაღებად უნდა გაიმართოს ამ კვირაში არ არის საკმარისი. ანა თავხელიძე აღნიშნავს, რომ ეს კოდექსი არ არის დაწერილი ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
იურისტს იმედი აქვს, რომ საზოგადეობის ფართო ჩართულობით იქნება კოდექსი განხილული, განსაკუთრებით თავად ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით და მათი მოსმენით.
კომიტეტში გვითხრეს, რომ სამუშაო ჯგუფი მუშაობს კოდექსზე და შეხვედრებიც გაწერილია, თუმცა დახურულ ფორმატში წარიმართება.