ამ წუთებში ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისია ქალაქ თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის, ზვიად ფხაკაძისა და შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის, კახაბერ სირაძის დაკითხვას აწარმოებს.
დეპუტატები დაინტერესდნენ საქმეში არსებული დეტალით, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულ გ.ჯ-ს სახლიდან გამოძიებამ ამოიღო კომპიუტერი, და იგი ექსპერტიზას გადასცა გამოსაკვლევად. თუმცა ექსპერტიზამ იგი გაუხსნელად დააბრუნა.
როგორც დეპუტატებმა საქმის მასალების მიხედვით შეიტყვეს, ამის მიზეზი ის იყო, რომ გამოძიებამ ექსპერტიზას არ წარუდგინა სასამართლოს განჩინება, რომელიც ექსპერტებს კომპიუტერის გახსნის უფლებას მისცემდა.
რატომ არ მოიპოვეთ აღნიშნული უფლება სასამართლოსგან? და წინააღმდეგ შემთხვევაში რა მიზნით გადაეცით კომპიუტერი ექსპერტიზას, რომელიც მას ვერ გახსნიდა? ამ კითხვებს პროკურორი და გამომძიებელი ვერ პასუხობენ.