პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ სწავლის დასრულებამდე ის შვილისთვის ბინას ეძებდა. სწორედ მაშინ მიიყვანა ის რამაზ მარგოშვილის ბინაში, სადაც თემირლანმა თითქმის ერთი წელი იცხოვრა.
როგორც მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განმარტა, მარგოშვილი, მისი კარის მეზობელია და თითქმის მის ხელშია გაზრდილი.
„მე მას დავუტოვე თემირნალი ამ სამი თვის განმავლობაში ვარკეთილის ბინაში. მასთან ერთად ცხოვრობდა ეს ორი პიროვნება თითქმის ერთი წელი. ისინი ახლა აღმოჩნდნენ ბორზიევი და სოლტახმეტოვი, თორემ ჩვენ მათ ვიცნობდით სეიფულასა და აბდულას სახელით. მე დავტოვე ის რამაზ მარგოშვილთან და იმედია მარგოშვილი იტყვის, როგორ იყო სინამდვილეში. რამაზის ბავშვებიც იმ ბინაში ცხოვრობდნენ“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მისი ინფორმაციით, სწავლის დასრულების შემდეგ თემირლანს ბინა ვაჟაზე უქირავეს, რათა ინგლისური ესწავლა და სამსახურიეშოვა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მისი შვილი იქ თანაკლასელებთან ერთად გადავიდა და მაშინ გაიყარა მისი, ბორზიევისა და სოლტახმეტოვის გზები.
„მათსა და ჩემს ვაჟს შორის მეგობრული კავშირი იყო. ეს ორი ბიჭი 2 წელი ცხოვრობდა თბილისსა და პანკისის ხეობაში. თუ ჩემს შვილსა და მათ შორის კავშირი იყო, ესეიგი სახელმწიფოსაც ჰქონია მათთან კავშირი - როგორ შემოვიდნენ, ვინ შემოიყვანათ“,- აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.