თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ჰაერის დაბინძურების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, 1-ლი ივლისიდან სავალდებულო ხდება სახელმწიფო ავტოპარკისა და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება.
„ეს არის პირველი ნაბიჯი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის ჰაერის დაბინძურების შემცირებისკენ. ამიტომ მერიის ადმინისტრაციას და დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებს მინდა დავავალო, დაუყოვნებლივ განახორციელონ ყველა იმ ავტომობილის ტექდათვალიერება, რომლებიც ამ წესს ექვემდებარება. მანქანები, რომლებიც ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლიან, ამოღებული უნდა იყოს ხმარებიდან“, - განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, ამ გამოწვევის დაძლევისთვის მუნიციპალიტეტს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, თუმცა მას საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს.
„პარალელურ რეჟიმში ბევრი სხვა გამოწვევის დაძლევაზე ვმუშაობთ, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხია, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების პრობლემა. ამ გამოწვევის დაძლევისთვის მუნიციპალიტეტს საკმაოდ მკვეთრი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს როგორც სატრანსპორტო პოლიტიკის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოების მხრიდან იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, რადგან გარკვეულწილად ჩვენ მოგვიწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ეს იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისევ თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ
„რაც შეეხება სხვა ნაბიჯებს, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვა, რაც გაწერილი იქნება თვეებისა და წლების მიხედვით. კონსულტაციები მიმდინარეობს ცენტრალურ ხელისუფლებასთან და უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ დეტალურ ხედვას, თუ რას გავაკეთებთ“, - განაცხადა მან.