1.jpg)
თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ჰაერის დაბინძურების შესახებ ისაუბრა.
მან მერიის ადმინისტრაციასა და დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებს დაავალა, დაუყოვნებლივ განახორციელონ ტექდათვალიერება. მანქანები, რომლებიც ვერ გაივლიან დათვალიერებას, ხმარებიდან ამოიღონ.
1-ლი ივლისიდან სავალდებულო ხდება სახელმწიფო ავტოპარკისა და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება.
მოქალაქეთა ნაწილმა ჩათვალა, რომ მერმა განცხადებაში მიკროავტობუსები და ავტობუსებიც იგულისხმა.
„ლიბერალი" დაუკავშირდა მერიის სამსახურს. მათი თქმით, „თბილისის მიკროავტობუსი" კერძო კომპანიაა და მერის განცხადება ამ კომპანიას არ ეხებოდა, რადგან მერმა მხოლოდ მერიის ადმინისტრაციასა და მის დაქვემდებარებაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებს დაავალა დაუყოვნებლივ ტექდათვალიერების განხორციელება.
„ლიბერალი" დაუკავშირდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას. მათი თქმით, კომპანიის მართვაში შემავალი ავტობუსები წელიწადში ორჯერ გადიან ტექდათვალიერებას. ბოლო ტექდათვალიერება გავლილი აქვთ. და ის ავტობუსები, რომლებიც ვერ გაივლიან ტექდათვალიერებას,, შესაბამისად, აღარ იმოძრავებენ ქალაქში.
„ლიბერალი" ასევე დაუკავშირდა კერძო კომპანია „თბილისის მიკროავტობუსს". მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნათია მიქიაშვილის თქმით, კომპანიის მართვაში შემავალი მიკროავტობუსები ტექნიკურ დათვალიერებას 6 თვეში ერთხელ გადიან.
„შესაბამისად ჩვენს კომპანიას ეს განცხადება არ ეხება, რადგან ჩვენი მიკროავტობუსები კანონის შესაბამისად ყოველ 6 თვეში გადიან ტექნიკურ დათვალიერებას", - განაცხადა ნათია მიქიაშვილმა.
ავტობუსები და მიკროავტობუსები 2018 წლის 1 იანვრიდან ექვემდებარება სავალდებულო ტექდათვალიერებას.