„მე თანახმა ვარ პრეზიდენტმა შეიწყალოს მიხაილო", - მუსიკოსი მიხეილ თოდუას შეწყალების მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება.
მიხეილ თოდუა, მუსიკოსი. დაპატიმრებული 12 გრამი ექსტაზის ფლობისთვის. მიუსაჯეს 9 წელი. 5 წელი უკვე მოიხადა. 2 000 წლიდან უკრავდა სხვადასხვა კლუბში. დიჯეი იყო.
„მიხაილო უკვე 5 წელია სასჯელს იხდის მდმა-ს შეძენა-შენახვისთვის თუმცა ცდილობს თავისი საყვარელი საქმე გისოსებს მიღმაც გააგრძელოს. მან დაწესებულებაში ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი ოთახი საკუთარი ხარჯებით გარდაქმნა მუსიკალურ სტუდიად, სადაც გამოყოფილი დროის მონაკვეთში წერს მუსიკას. გარდა ამისა ჩართულია იქ არსებულ სხვადასხვა აქტივობებში და ინიციატორია დაწესებულებაში გაკეთებული პროექტების. დროდადრო ატარებს პატიმრებისთვის მუს. თერაპიას. წელს გამოვიდა მიხაილოს ალბომი ბრიტანულ და გერმანულ ლეიბლებზე, ხოლო უახლოეს მომავალში გამოდის იაპონურ ლეიბლზე. ასევე გერმანული ჟურნალი „Telekom Elektronik Beats” ესტუმრა მას დაწესებულებაში და გააკეთა ბლოგი. ამჟამად კი მუშაობს გერმანიაში მცხოვრებ არტისტთან ერთად კოლაბორაციულ ალბომზე", - ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.