პროკურატურამ ბრალი წაუყენა ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომელმაც პოლიციას ყოფილი ქმრის მიერ განხორციელებულ ძალადობისაგან დაცვის მიზნით მიმართა. ბრალდების მხარე მას ოჯახში ძალადობასა და ცრუ დასმენაში ადანაშაულებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 19:30 საათზე, თ.ბ დედამისთან - ლ.ხ.-სთან ერთად, ქ.თბილისში, ყოფილი მეუღლის, ნ.ყ.-ს საცხოვრებელ სახლთან შვილის წასაყვანად მივიდა. ვინაიდან ბავშვს წასვლა არ უნდოდა და ტირილი დაიწყო, ნ.ყ.-ს საცხოვრებელი სახლის შესასვლელთან თ.ბ.-სთან შელაპარაკება მოუხდა, რა დროსაც თ.ბ.-მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ნ.ყ-ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და სხეულის არეში, შემდეგ კი ფრჩხილებით მიაყენა დაზიანებები ნაკაწრების, ნაჭდევების და სისხლნაჟღენთის სახით, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. ნ.ყ. შემდგომი კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით სახლში შევიდა და კარები დაკეტა. მომხდარით განაწყენებულმა თ.ბ.-მ ყოფილ მეუღლეზე შურისძიების მიზნით პოლიციაში დარეკა და ცრუ დასმენა განახორციელა, თითქოს მას ყოფილმა მეუღლემ სცემა. მან ასევე ადგილზე მისულ პოლიციის მუშაკებს ნ.ყ.-ზე მიუთითა, როგორც დანაშაულის ჩამდენზე, რა დროსაც ნ.ყ. ადგილზე იქნა დაკავებული.
საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერებით ნ.ყ.-ს ბრალეულობა არ დადასტურდა, იგი გათავისუფლებული იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან და პროკურორის დადგენილებით მის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო თ.ბ.-ს წარედგინა ბრალდება 373-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის შესახებ ნ.ყ.-ს ცრუ დასმენა) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), რაც დასტურდება საქმეზე მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, დაზარალებულისა და სხვა ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებით“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
საიას ცნობით კი, 2018 წლის თებერვალში თამარ ბეკარაშვილმა მიმართა პოლიციას და აცნობა, რომ ყოფილმა ქმარმა მასზე და მის დედაზე ფიზიკურად იძალადა. გამოძიების საწყის ეტაპზე მოხდა თამარ ბეკარაშვილის ყოფილი ქმრის დაკავება და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ პროკურატურამ დევნა დაიწყო - საია
„2018 წლის ივნისში, პროკურატურამ მოულოდნელად ძალადობაში მხილებული პირი დაზარალებულად ცნო და მსხვერპლს წაუყენა ბრალი ყოფილ ქმარზე ძალადობის და მისი ცრუ დასმენის საფუძვლით. აღსანიშნავია, რომ პროკურატურა მსხვერპლი ქალისთვის ბრალის წარდგენისას დაეყრდნო მიკერძოებულ მოწმეებს და არ გაითვალისწინა სხვა მტკიცებულებები, რომლითაც დგინდებოდა, რომ თამარ ბეკარაშვილი არის ძალადობის მსხვერპლი, მათ შორის, არ გაითვალისწინა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებითაც ამავე ფაქტზე თამარ ბეკარაშვილი ცნობილია ოჯახში ძალადობის მსხვერპლად, "- ამბობენ საიაში.
საია მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენა არის დაუსაბუთებელი, კანონთან შეუსაბამო და იწვევს მსხვერპლის ხელახალ ვიქტიმიზაციას. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს ძალადობის მსხვერპლი ქალისთვის შეეთავაზებინა დაცვის ეფექტური მექანიზმები, რეპრესიული ღონისძიებები გამოიყენა რეალური მსხვერპლის მიმართ.
წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.