
ერთიანი ეროვნული გამოცდებისას, წელს კონდინციონერი მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა.
„ბატონი მიხეილ ჩხენკელის ინიციატივა იყო, რომ კონდინცირების სისტემა წელს ყოფილიყო, თუმცა ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ძალიან რთული ვითარება იყო რუსთავის საგამოცდო ცენტრში, რადგან მთელი დღის განმავლობაში მზე ადგას შენობას, ამიტომ, როგორც საპილოტე პროექტი, მხოლოდ ამ საგამოცდო ცენტრში იქნება წელს კონდინციონერი. გულწრფელად გეტყვით, ეს უსამართლოდ მიმაჩნია, არც მინისტრისთვის დამიმალავს ჩემი აზრი. ასევე ვცადე ამეხსნა, რა პრობლემებს შეიძლება გადავაწყდეთ კონდინცირებისას - ბევრი ადამიანი ვერ ეგუება კონდინციონერს, თან ეს ხმაურის პრობლემასაც შექმნის სექტორში. რთულია, ყველას სურვილს მოერგო. თუმცა, ამ ეტაპზე რუსთავის საგამოცდო ცენტრში კონდინცირება იქნება“, - აცხადებს მიმინოშვილი.
ეროვნული გამოცდები 2 ივლისს იწყება.