სახალხო დამცველისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არსებული კრიმინალური სუბკულტურა სერიოზულ საფრთხეებს ქმნის. ანგარიშის ავტორთა განმარტებით, ხშირად სწორედ ეს სუბკულტურა ხდება მსჯავრდებულებს შორის ძალადობისა და ჩაგვრის მიზეზი.
„აღნიშნული შემთხვევების სრულყოფილ გამოკვლევასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას ართულებს ის ფაქტი, რომ არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ამ თემებზე დაწესებულების შიგნით ღიად საუბარს ერიდებიან“.
ანგარიშის მიხედვით, კრიმინალური სუბკულტურის გავლენით მსჯავრდებულები არაფორმალურ ჯგუფებად იყოფიან, საიდანაც ზოგიერთი უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაშია და რეპრესიული მეთოდებით ახორციელებს არაფორმალურ მმართველობას. ეს კი ხშირ შემთხვევაში გულისხმობს სადამსჯელო ღონისძებებს იმ არასრულწლოვნების მიმართ, რომლებიც არაფორმალური მმართველობის წესებს არ დაემორჩილებიან.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, N11 დაწესებულებაში 2018 წლის 1 იანვრიდან 15 მარტის ჩათვლით დაწესებულებაში არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სხეულის დაზიანების 17 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან სამ შემთხვევაში მსჯავრდებულებს დაზიანებები აღენიშნებოდათ თვალბუდის არეში და ამის მიზეზად სახელდებოდა საყოფაცხოვრებო ტრავმა. თუმცა დაზიანების ლოკალიზაცია და ხასიათის გამო ანგარიშის ავტორები ეჭვობენ, რომ ისინი შეიძლება სხვა პირის მიერ იყოს მიყენებული.
„აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გააცნობიეროს, თუ რა გამოწვევას წარმოადგენს დაწესებულებაში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და შეიმუშავოს ამ პრობლემის დაძლევის სტრატეგია“,- აღნიშნავენ ანგარიშის ავტორები.
ამასთან, ისინი პასუხისმგებლობას დაწესებულების ექიმებსაც აკისრებენ და მიიჩნევენ, რომ მსჯავრდებულის ნების მიუხედავად, ექიმმა თავად უნდა გადაწყვიტოს, აცნობოს თუ არა საგამოძიებო უწყებებს შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტის შესახებ. ამას „სტამბოლის პროტოკოლი“ ითვალისწინებს.