ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრი ოთო კახიძე ამბობს, რომ მათ ფარდულის შესახებ ახალი ინფორმაცია მიიღეს, რომლის თანახმადაც, ფარდულის დემონტაჟში ჩართული იყო პოლიცია. მისი თქმით, გასარკვევია, რა სახით იყვნენ ჩართული სამართალდამცველები და კონკრეტულად ვინ იღებდა დემონტაჟში მონაწილეობას.
ოთო კახიძის ინფორმაციით, ფარდული ვინმეს კერძო საკუთრება არ ყოფილა.
„ეს ფარდული პრივატიზებული და დაკანონებული არ იყო, ხოლო ფარდულის დემონტაჟზე მითითება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის განმარტებით, პოლიციამ გასცა და კონკრეტული პირი იყო, ვინც პოლიციასა და მესაკუთრეებს შორის შუამავალი იყო. კომუნიკაცია რჩეულიშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებასთან მიმდინარეობდა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამას გადამოწმება და დამატებითი შესწავლა სჭირდება”,- განაცხადა ოთო კახიძემ.
კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც კომისიამ დღეს მიიღო, მოწმეების დაკითხვას ეხება. ოთო კახიძე განმარტავს, რომ დღეს კომისია გაესაუბრა პირს, რომელიც მკვლელობიდან ძალიან მალე გამოკითხეს. მაგრამ საქმეში მისი დაკითხვის ოქმი არ დევს. საუბარია ნიკოლოზ იორდანიშვილზე, რომელიც ავტომანქანით ეზოდან დაახლოებით მაშინ გადიოდა, როცა ლევან დადუნაშვილი დაჭრეს.
„ადამიანი, ვინც ჩხუბს თავიდან ბოლომდე უყურებდა, თავის პირით ამბობს, პოლიციაში ვიყავი, რამდენიმე საათის განმავლობაში მკითხავდნენო და მისი გამოკითხვის ოქმი საქმეში არ დევს. დღეს ეს ადამიანი გვეუბნება, რომ არაფერი დაუნახავს. მაშინ, როდესაც მისი თვალთახედვის არეალში იყო უშუალოდ ლევან დადუნაშვილის სასიკვდილო დაჭრა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია“,- განმარტავს ოთო კახიძე.
მისი ინფორაციით, კომისიის მიერ გამოკითხული ერთ-ერთი პირი საუბრობს მოზარდზე, რომელსაც თავზე დაზიანება ჰქონდა და სისხლი სდიოდა. ოთო კახიძის შეფასებით, ეს ბუნდოვანი და აქამდე უცნობი გარემოებაა, რადგან არც სარალიძეს და არც დადუნაშვილს თავზე ჭრილობა არ სხვა ტიპის დაზიანება არ ჰქონიათ.
„შესასწავლია, ვინ იყო ეს მოზარდი, ვისზე საუბრობს. არც დადუნაშვილსა და არც სარალიძეს თავში დაზიანება, ჭრილობა მიღებული არ ჰქონიათ და ეს დეტალია, რომელიც საქმეში არ იდო”,- განაცხადა კახიძემ.