ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა ზვიად კუპრავა, რომელიც საქმის პარალელურ გამოძიებას ზაზა სარალიძესთან ერთად აწარმოებდა და კომისიაზე მოსვლა მოითხოვა.
„მან მოითხოვა კომისიაზე მოსვლა და იმ თემებზე საუბარი, რომელიც მისი აზრით, რელევანტურია. ჩვენ მიერ გამოსაკითხი პირების სიაში ზვიად კუპრავა ისედაც იყო შეყვანილი. აქედან გამომდინარე, მაქვს წინადადება, რომ ორშაბათს მოვუსმინოთ მასაც,“ - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილებით, ორშაბათს ზვიად კუპრავასთან ერთად, დაკითხავენ ხორავას ქუჩის საქმის უშუალო გამომძიებელს ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროს იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს შალვა ბედოიძეს.