განათლების მინისტრის მოადგილის თეიმურაზ მურღულიას თქმით, ვიდრე საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების სისტემა დამონტაჟდება, ყველგან ჰაერის გამაგრილებელი ვენტილატორები დაიდგმება.
"დღეის მდგომარეობით 3 სკოლაში მიმდინარეობს ე.წ. სპლიტ სისტემების დამონტაჟება. ეს სკოლებია რუსთავის გარდა, სადაც უკვე დამონტაჟებულია, თბილილისის 175-ე, 103-ე და ზუგდიდის მე-2 სკოლა." - განაცხადა მურღულიამ.
„დანარჩენი სკოლები, ვიდრე კონდიციონერები დამონტაჟდება, აღჭურვილია ვენტილატორებით. ეს არ ნიშნავს, რომ კონდიციონერები არ დაიდგმება. კონდიციონერები თურქეთიდან უნდა შემოვიდეს და ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს. დღეის მდგომარეობით, როგორც ამას საგარეო საქმეთა სამინისტრო და თურქი პარტნიორები გვეუბნებიან, 100 კონდიციონერი წამოსულია უკვე და მინიმუმ 400 რამდენიმე დღეში უნდა შემოვიდეს. პრემიერმა მხოლოდ 3 დღე მოგვცა, რათა ეს ყველაფერი მოგვარდეს. ამასთან, ყველგან არის წყლის დისპენსერები და ყველგან იქნება ვენტილატორები", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
2 ივლისს, 08:00 საათზე დაიწყება რეგისტრაცია ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესიისათვის.
09:00 საათზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით მედიისათვის გააკეთებენ განცხადებას თბილისის №175-ე საჯარო სკოლაში.