
პარლამენტის ბიურომ მთავრობის და სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაარეგისტრირა. საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში შემდეგი სამინისტროები იქნება:
1. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
4. თავდაცვის სამინისტრო;
5. იუსტიციის სამინისტრო
6. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის;
7. საგარეო საქმეთა სამინისტრო;
8. ფინანსთა სამინისტრო;
9. შინაგან საქმეთა სამინისტრო;
10. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, ახალ საკანონმდებლო პაკეტში ცვლილებები შეეხება შემდეგ სამინისტროებს:
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაერთიანდება კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან. ასევე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გაერთიანდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. გაუქმდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.
მიმდინარე კვირაში პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომები გაიმართება, სადაც კანონპროექტს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.