პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ახალი საგადასახადო რეჟიმის შესახებ ისაუბრა.
„როგორც საზოგადოებას დავპირდით, ეროვნულ ეკონომიკაში დავამკვიდრებთ სამართლიან თამაშის წესებს"- განაცხადა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში იქნება ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელიც ორიენტირებული იქნება სიღარიბის დამარცხებაზე.
მან ასევე თქვა, რომ პარლამენტმა მხარი დაუჭირა და დაამტკიცა მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებების საგადასახადო რეჟმთან დაკავშირებით.
“ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მემკვიდრეობით ერგო ისეთი ეკონომიკური მოდელი, სადაც ხშირად საგადასახადო ტვირთი მცირე მეწარმეებისთვის იყო უფრო დიდი, ვიდრე მსხვილი ბიზნესისთვის. დაგვხვდა ისეთი მოდელი, სადაც მცირე მეწარმეებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი ბარიერები, რათა მათ გაეფართოებინათ თავიანთი მომსახურეობისა და პროდუქტის ბაზარი. ამასთან ერთად, საგადასახადო ადმინისტრირების ბაზარი აიძულებდა მცირე მეწარმეებს, ყოფილიყვნენ ჩრდილოვან ეკონომიკაში.
ჩვენი მთავარი გზავნილია სიღარიბის დაძლევა, რომელშიც ერთადერთი წარმატების გზა გადის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებაზე. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც შეგვიძლია გავუმკლავდეთ ჩვენს ეკონომიკურ გამოწვევას.
დღეიდან საქართველოში ამოქმედდა უნიკალური საგადასახადო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც, მცირე მეწარმეებს 5-ჯერ შეუმცირდებათ ბრუნვის გადასახადი. ეს არის ძალიან მასშტაბური რეფორმა და ეხება მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100%-ს. ჩვენ ვსაუბრობთ დაახლოებით 120 ათას მეწარმე ფიზიკურ პირზე და მათ უკან მდგომ არაერთ ადამიანზე.
ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას და შედეგად, პარლამენტმა დაამტკიცა შესაბამისი ცვლილებები, სადაგადასახადო კოდექსში, რომელიც დღეიდან ამოქმედდა. მსურს ვისაუბრო იმ უნიკალურ საგადასახდო რეჟიმზე, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მცირე მეწარმეებს - მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა შემოსავალი იქნება არა უმეტეს 500 ათასი ლარისა, ნაცვლად დღეს არსებული 100 ათას ლარამდე ზღვარის. მცირე ბიზნეისის დასაბეგრი შემოსავალი მცირდება 5%-დან 1%-მდე; მცირე ბიზნესისთვის შენარჩუნებულია უმარტივესი საგადასახადო აღირცხვის შესაძლებლობა; გადასახადის გადახდა და დეკლარირება ხდება ყოველთვიურად და არა ე.წ. საავანსო გადასახადის სახით; ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ჩვენი მეწარმეებისთვის. მცირე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდნენ დღგ-ს გადამხდელებად, ხოლო ეს თავის მხრივ არ ნიშნავს, რომ ვინმე დაკარგავს მცირე მეწარმის სტატუსს. ახალი საგადასახადო ინიციატივა ერთის მხრივ აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს მცირე ბიზნესისთვის და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მცირე მეწარმებისთვის, რომ მინიმუმამდე შევამციროთ საგადასახადო ადმინისტრირების ხარჯები“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.