„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” წარადგინა კვლევა, რომელშიც საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებია შეფასებული.
კვლევაში საუბარია მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის კავშiრების შესახებ საქართველოს პარლამენტთან. ანგარიშის მიხედვით, სასამართლოში პოლიტიკური ჩარევის ერთ-ერთ საშუალებად მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ჩამოყალიბების ხელშეწყობა მიიჩნევა, რომელიც ასეთი მხარდაჭერის სანაცვლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.
ვიდეო ►ზარდიაშვილი წულუკიანს - როგორ მოახერხეთ, რომ ადამიანის უფლებები აყვანილია სხვა რანგში
კვლევის ავტორების მიერ შესწავლილი გარემოებების ერთობლიობა აჩენს აღქმას, რომ დღესდღეობით, მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს ახლო კავშირები აქვს საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე წარმომადგენელთან.
პარლამენტიდან ერთ-ერთ ასეთ პირად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი მიიჩნევა. ვანო ზარდიაშვილი 2010-2012 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატს ხელმძღვანელობდა.
კვლევში ნათქვამია, რომ 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, საქალაქო სასამართლოს მანდატურები ვანო ზარდიაშვილს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. მათი თქმით, მათ „ქართული ოცნების” აქციაზე წასვლას უკრძალავდნენ, წასვლის შემთხვევაში კი ემუქრებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ასევე, თხოვდნენ „ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე დასწრებას.
„გარდა ამისა, ვანო ზარდიაშვილს ახლო მეგობრული და ნათესაური კავშირი აქვს სასამართლოში ყველაზე გავლენიან პირად მიჩნეულ მიხეილ ჩინჩალაძესთან [თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან]. ამავდროულად, ვანო ზარდიაშვილის მეუღლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ვანო ზარდიაშვილის წარსული საქმიანობა და ასევე მისი მჭიდრო ნათესაური კავშირი სასამართლო სისტემის წარმომადგენლებთან ქმნის ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეს, რა დროსაც ძლიერი არაფორმალური კავშირები პარლამენტისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგნელების მხრიდან პირადი ან პოლიტიკური მიზნებისათვის შეიძლება იქნას გამოყენებული", - ნათქვამია კვლევაში.