ტაილანდში მღვიმეში მომწყვდეული მოზარდებისა და მათი მწვრთნელის გადასარჩენად მიმდინარე სამაშველო ოპერაციის დროს ერთ-ერთი მყვინთავი დაიღუპა.
BBC წერს, რომ გარდაცვლილი ტაილანდის საზღვაო ძალების ყოფილი მყვინთავი, 38 წლის სამან კუნანია. მაშველს დატბორილი მღვიმიდან გამოსვლის დროს ჟანგბადი გაუთავდა და გონება დაკარგა.
კუნანი მოზარდებისთვის ჟანგბადის ავზების მისაწოდებლად მღვიმეში რამდენჯერმე შევიდა, გამოსვლისას კი ჟანგბადი თავად აღარ ეყო. მყვინთავი მღვიმიდან მისმა პარტნიორმა გამოიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ტაილანდის საზღვაო ძალების განცხადებით, კუნანი გამოცდილი და ნიჭიერი მყვინთავი იყო, რომელსაც ძალიან უყვარდა ექსტრემალური სპორტი. მისი თავგანწირვა ოფიციალურმა პირებმა გმირობად შეაფასეს.
11-დან 16-წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ და თითქმის ორი კვირაა, რაც მღვიმეში იმყოფებიან. როგორც აღმოჩნდა, ისინი ტაილანდის ჩრდილოეთით ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მაგრამ მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა.
დაკარგულები ბრიტანელმა მყვინთავებმა მხოლოდ ცხრა დღის შემდეგ იპოვეს გამოქვაბულის შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის სიღრმეში.
მოზარდების მღვიმიდან გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მათმა უმეტესობამ, არათუ ყვინთვა, ცურვაც კი არ იცის. გამოქვაბულის დასატოვებლად ბავშვებს ყვინთვა უნდა ასწავლონ, მაგრამ მღვიმის გზა იმდენად რთულია, რომ იქიდან გამოსვლა პროფესიონალი მყვინთავებისთვისაც რთულია.
მღვიმის დასატოვებლად ალტერნატიული გზაა, რომ წყლის დონის კლებას დაელოდონ. ამას კი შესაძლოა, ოთხი თვე დასჭირდეს, რადგან ტაილანდში მუსონური წვიმის სეზონი იწყება, რომელიც ოქტომბრამდე გრძელდება.
თუმცა გაუარესებული ამინდის პირობებში მაშველებს მღვიმეში მოხვედრა კიდევ უფრო გაუძნელდებათ, გამოქვაბულში მოიკლებს ჟანგბადის რაოდენობაც. ამიტომ ტაილანდის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ბავშვები წვიმის სეზონის დაწყებამდე უნდა გამოიყვანონ.
ამჟამად, სპეციალისტები მოზარდებს ყვინთვის გაკვეთილებს უტარებენ და ჟანგბადის ბალონებს აწვდიან.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მღვიმიდან წყლის ამოტუმბვასაც ცდილობენ.
სამაშველო ოპერაციაში ათასამდე ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის მყვინთავები, სამხედროები და სამოქალაქო პირები.
ტაილანდელებთან ერთად სამაშველო ოპერაციაში ჩაერთნენ ბრიტანელი და ამერიკელი მყვინთავებიც.