საქართველოს პრემიერი, მამუკა ბახტაძე სტიქიის ზონაში, ჭუბერში იმყოფება. მისი თქმით, ხეობაში მედიკამენტებით, საკვებით და წყლით მოსახლეობის უზრუნველსაყოფად სრული მობილიზებაა გამოცხადებული.
„საგანგებო შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში, ნალექის უხვად მოსვლამ მდინარის ადიდება გამოიწვია. 6 ხიდი არის წაღებული, ტექნიკა არის მობილიზებული და ახლა ველოდებით, რომ წყლის დონემ დაიწიოს, რათა დავიწყოთ გზის აღდგენის სამუშაოები. რაც მთავარია, ხეობაში უკვე გაკეთებულია ყველანაირი მობილიზაცია საკვების, სასმელი წლის და მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ჩვენ უკვე გამოვიყვანეთ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. ამ თვალსაზრისით რისკები აღარ არის, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენი სპეციალისტები აგრძელებენ 24-საათიან მონიტორინგს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოში ყველგან იყოს სწრაფი შეტყობინების სისტემები, რომლებიც ამ ეტაპზე მხოლოდ ორ ადგილასაა განთავსებული. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ პირველადი მონაცემებით სტიქია უხვმა ნალექმა გამოიწვია, თუმცა ამას ტყის უსისტემო ჭრამაც შეუწყო ხელი.
„პირველადი შეფასებით, რა თქმა უნდა ჭარბმა ნალექმა გამოიწვია სტიქია, აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ამ ყველაფერს ხელი და ვინც ამით იყო დაკავებული. ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ“, - განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, გადაიხედება თუ არა ჰესის მშენებლობის საკითხი, ბახტაძემ უპასუხა, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც დაიდება დასკვნა, თუ რამ გამოიწვია სტიქია.