ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ უკვე სირიის მეორე ოპოზიციურმა გაერთიანებამ დაგმო. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 2018 წლის 5 ივლისს სირიის ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ეროვნული კოალიციის პრეზიდენტმა აბდურრაჰმან მუსტაფამ გააკეთა ოფიციალური განცხადება, სადაც მკაცრად გააკრიტიკა ასადის რეჟიმის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
აბდურრაჰმან მუსტაფამ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.
სირიის ოპოზიციური გაერთიანების ლიდერის განცხადებით, ის შეხვდა საქართველოს ელჩს თურქეთში ირაკლი კოპლატაძეს და საქართველოს გენერალურ კონსულს სტამბულში ინგა კიკვაძეს, სადაც სირიელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს უკვე სირიის მეორე ოპოზიციური კოალიციაა, რომელმაც დაგმო ასადის გადაწყვეტილება.
„ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე ერთი კვირის წინ ასევე დაგმო სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის“ პრეზიდენტმა ნასრ ალ-ჰარირიმ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სირიის ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერის განცხადებით, ასადის რეჟიმი არალეგიტიმურია და შესაბამისად მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება თუ პოზიცია უკანონოა.
„აბდურრაჰმან მუსტაფას განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ქართველმა და სირიელმა ხალხმა თავის თავზე იწვნია რუსეთის ფედერაციის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და უკანონო რეჟიმების მხარდაჭერა, რაც მიზნად ისახავდა მათი თავისუფალი და ღირსეული განვითარების შეფერხებას.
სირიის ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ეროვნული კოალიციის პრეზიდენტმა გამოხატა ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერა და გამოთქვა სირიელი და ქართველი ხალხის ინტერესების საკეთილდღეოდ თანამშრომლობის სურვილი“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.