იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატი შესთავაზა: ნინო გოგნიაშვილი, შალვა თადუმაძე და შალვა შავგულიძე.
„აღსანიშნავია, რომ პროკურორთა კორპუსიდან სამი მოქმედი პროკურორი იქნა წარმოდგენილი - თამარ კერესელიძე, ირაკლი ნადარეიშვილი და ლევან ძნელაძე. სხვადასხვა მოსაზრებიდან, მათ შორის პროკურატურის სამომავლო პერსპექტივის ინტერესებიდან გამომდინარე, დღეს არჩევანი მოქმედ პროკურორებზე არ შეჩერდა“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ.
ნინო გოგნიაშვილისა და შალვა თადუმაძის კანდიდატურები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა, ხოლო შალვა შავგულიძის - „ევროპულმა საქართველომ“.
შალვა თადუმაძე 2018 წლის 12 აპრილიდან მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს. მანამდე, 2012 წლიდან საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო. 2012 წლამდე კი საადვოკატო საქმიანობით იყო დაკავებული. სწორედ ის იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, როცა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად სასამართლოში იბრძოდა.
შალვა შავგულიძე 2017 წლიდან პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეა. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 1996-2012 წლებში კი საადვოკატო საქმიანობით იყო დაკავებული.
ნინო გოგნიაშვილი 2005 წლიდან დღემდე არის თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. 2005-2006 იყო დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 1996 წლიდან იყო სხადასხვა დაწესებულების იურისტი. ფლობს რუსულ, იტალიურ და ფრანგულ ენებს.
საბჭოს მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს თეა წულუკიანი მთავრობის წინაშე წარადგენს. თუ მათ მინისტრთა კაბინეტის მხარდაჭერაც მიიღეს, ისინი დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება. საკანონმდებლო ორგანომ მთავარი პროკურორი ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდა აირჩიოს.
NGO-ები მთავარი პროკურორის არჩევის შეჩერებას მოითხოვენ
მთავარი პროკურორის თანამდებობაზე სულ 21 კანდიდატი წარადგინეს, საიდანაც სამმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან 31 მაისს, მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლულის დავით სარალიძის მამამ პროკურატურა მისი შვილის საქმის არაობიექტურ გამოძიებაში დაადანაშაულა და პროკურატურასთან საპროტესტო აქცია დაიწყო.