ბორჯომი ხარაგაულის ტყე-პარკში, აწყურის მონაკვეთზე პარკის ზონირების შეცვლა იგეგმება.
ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციის „ნაკრესის“ წარმომადგენელმა გაავრცელა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძემ „ლიბერალს“ ინფორმაცია დაუდასტურა და თქვა, რომ აწყურის მონაკვეთზე, იქ, სადაც მასიურად არის ჩახერგილი გამხმარი ხე-ტყე, შესაძლოა გამხმარი ხე-ტყის გამოტანის მიზნით ზონირება შეიცვალოს, რათა თავიდან აირიდონ ხანძრის გაჩენის რისკი.
ზონირების შეცვლას, ხანძართან დაკავშირებული რისკების არსებობის მიუხედავად, არ ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. მისი თქმით, თუ ცვლილება მკაცრი დაცვის ზონას ეხება, მაშინ იქ გამხმარი ხე-ტყის გამოსატანად სააგენტომ სტატუსის შეცვლისა და გზის გაყვანის ნაცვლად სხვა გზა უნდა გამოიყენოს.
რას ამბობს დაცული ტერიტორიების სააგენტო ხარაგაულის ტყე პარკში ზონალური სტატუსის შეცვლაზე
დაცული ტერიტორიების სააგენტოს დირექტორის მოადგილის, თომა დეკანოიძის თქმით, ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკში აწყურის მონაკვეთში 2016-2017 წლებში ქარის ან ქარიშხლის შედეგად მოითხარა წიწვოვანი ხეები, რომლებიც ამ ეტაპზე გამხმარია და ტყეში ხანძრის გაჩენის რისკს ქმნის.
მისი თქმით, იქ არსებული ვითარება შეისწავლეს სპეციალისტებმა, ეს საკითხი კომისიური წესით განიხილეს და საანგეტოს გამხმარი ხე-ტყის გამოსატანად რეკომენდაცია მისცეს.
მისივე თქმით, გამხმარი ხე-ტყე რამდენიმე ჰექტარზე მასიურადაა ჩახერგილი.
საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს ეროვნული პარკი 7 ზონისგან შედგება.
ეს არის - მკაცრი ზონა, მართვადი ზონა; ვიზიტორთა ზონა; ტრადიციული გამოყენების ზონა; ისტორიულ კულტურული გამოყენების ზონა; აღდგენის ზონა და ადმინისტრაციული ზონა.
„დღეს ბორჯომ-ხარაგაულში გვაქვს მკაცრი, ვიზიტორთა, ადმინისტრაციული და ტრადიცული გამოყენების ზონები.
იმ ზონაში, სადაც მასიური ჩახერგილობაა, გვხვდება ტრადიციული გამოყენების ზონა, შედარებით მცირეა ვიზიტორთა და კიდე უფრო მცირეა მკაცრი დაცვის ზონა. ეს ზონები უნდა გადავიდეს მართვადი დაცვის ზონაში.
მართვადი დაცვის ზონა იძლევა საშუალებას, რომ მართო ეს ტერიტორია და ხანძრისა და მავნებელი დაავადებების გავრცელების კუთხით საფრთხის შემცველი რისკები მოხსნა და მინიმუმამდე დაიყვანო“, - ამბობს თომა დეკანოიძე.
მისი თქმით, იმ ტერიტორიაზე საიდანაც ხე-ტყე უნდა გამოიტანონ, გზა უკვე გაყვანილია და ახალი გზების გაყვანა საჭირო არ გახდება.
„გზა იქ არსებობს, ახალი გზების გაყვანა საჭირო არ არის. ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი 95 წელს შეიქმნა, რეალური ფუნქციონირება 98 წელს დაიწყო. ვიდრე პარკი დაარსდებოდა, იქ იყო სატყეო მეურნეობა, სადაც აქტიურად მიდიოდა სამრეწველო საქმიანობა და ხე-ტყის მოპოვება. იქ სატყეო სამეურნეო გზები არსებობდა. როცა პარკი ჩამოყალიბდა, გზების პერმანენტული გაწმენდა არ განხორციელებულა და ძველი, ე.წ. ნაგზაურები ამ ტერიტორიაზე დღესაც არსებობს და უფუნქციოდ არის. შესაბამისად, იქ რომ ახალი გზები გავიდეს და ლანდშტაფტური მრავალფეროვნება დავარღვიოთ, ამის მომხრე არც სააგენტოა. არსებული გზები შეკეთდება“, - ამბობს დეკანოიძე.
კითხვაზე - როდის შეეცვლება ზონალური სტატუსი ტყე-პარკს და როდის გამოიტანენ ხე-ტყეს - გვიპასუხა, რომ ჯერჯერობით არ იცის.
სააგენტოს დირექტორს ასევე ვკითხეთ, როგორ განკარგავდენ იმ ხე-ტყეს, რომელსაც ცვლილებების შემთხვევაში პარკის ტერიტორიიდან გამოიტანდნენ.
მისი თქმით, ხე-ტყე გადაეცემა სახელმწიფოს და ის უზრუნველყოფს აუქციონის წესით მის განკარგვა/გაყიდვას.
მისივე თქმით, გამხმარი ხეებით ჩახერგილი ზონები, აწყურის გარდა, არის აბასთუმანშიც.
როგორ აფასებენ ზონალურ ცვლილებაზე გადაწყვეტილებას?
ბიომრავალფეროვნების სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის" გამგეობის წევრ კახა არცივაძის თქმით, საქართველოში დაცული ტერიტორიების კუთხით ვითარება ისედაც ცუდია, რადგან ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 8,5% -ია დაცული ტეერიტორიები. რეგიონში ამ კუთხით ბოლო ადგილზე ვართ და ნებისმიერი ზონალური ცვლილება, რომელიც ნაკრძალებს და ეროვნულ ტყე-პარკს ეხება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, აწყურის მონაკვეთში, იქ, სადაც ზონალური ცვლილებების განხორციელება იგეგმება, არის ორი ზონა და ერთ-ერთი მკაცრი დაცვის ზონაა, რაც ნიშნავს იმას, რომ იქ არანაირი ჩარევა არ უნდა მოხდეს.
„საქართველოს უმთავრესი ეროვნულ პარკში კატეგორიის შეცვლა და მკაცრიდან მართვად ზონამდე ჩამოყვანა ცუდი პრეცენდენტია, რომელსაც მოჰყვება ჯაჭვური რეაქცია დაცულ ტერიტორიებზე“, - ამბობს კახა არცავიძე.
მისივე თქმით, მკაცრი დაცვის ზონიდან მართვად ზონაში გადაყვანა ნიშნავს იმას, რომ იქ შესაძლებელი გახდება ადამიანი საქმიანობა - ხის მოჭრა, ბრაკონიერობა და ა.შ.
მისი თქმით, ზონალური სტატუსის შეცვლა ნებისმიერ შეთხვევაში საგანგაშოა და მაგალითად ლაგოდეხის რაიონში განვითარებული მოვლენები მოიყვანა.
„ლაგოდეხში ჩემ თვალწინ განვითარდა მოვლენები. მესაზღვრეებმა გაჭრეს გზა საზღვრისთვის, გასაგებია, რომ სამხედრო ინტერესებისთვისაა საჭირო. საკმარისი იყო გზა გაეყვანათ, მომენტალურად მთელი ის ტერიტორია გაიჩეხა და გაპარტახდა. როგორც კი იწყება გზების გასუფთავება-გახსნა, მოჰყვება ბრაკონიერობა. უბრალოდ ადამიანებისთვის ტერიტორია ხელმისაწვდომი ხდება“, - ამბობს კახა არცავიძე.
მისივე თქმით, ხანძრის გაჩენის რისკის შეთხვევაში და ხე-ტყის გამოტანის სხვა გზებიც არსებობს და არ არის საჭირო ამისთვის ძველი ჩახერგილი გზების გამწენდა და ზონალური სტატუსის შეცვლა.
„ავსტრია, შვეიცარია, იტალია საბაგიროებით მუშაობს. ის მონტაჟდება მთის თავზე მაგრდება ხე და ყოველგვარი ზედმეტი გზების გაკეთების გარეშე გამოაქვთ ამ საბაგიროებით. რატომ ამას არ ვაკეთებთ? რაღა კატეგორიას ვეტაკეთ?“
კახა არცივაძის თქმით, ამბავი ზონალური სტატუსის შეცვლის შესახებ კულუარულად გაიგო და ამბობს, რომ პროცესი გაუმჭირვალეა და ოფიციალური ინფორმაცია არ აქვთ.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მომავალ კვირაში დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც, სავარაუდოდ, ამ საკითხს განიხილავენ. საბჭო დირექტორის ბრძანებით მოქმედებს და სხვადასხვა ადგილობრივი არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციებით არის დაკომპლექტებული.
„საქართველოში არსებობს სხვადასხვა კატეგორიის ტერიტორია. ზოგი არის მკაცრი ზონა, სადაც ადამიანის საქმიანობა შეზღუდულია. მაგალითად, ნაკრძალი, სადაც მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობაა დაშვებული; არის ეროვნული პარკები და ა.შ.
რაც შეეხება ეროვნულ პარკს, იქ სხვადასხვა ზონა არსებობს. ზოგ ზონაში მკაცრად არის შეზღუდული საქმიანობა - ეს არის მკაცრი დაცვის ზონა. ზოგიერთ ადგილას ვიზიტორთა ზონაში ტურისტს შეუძლია გავლა. ამ ზონირების ჩამოყალიბება ხდება იმის მიხედვით, თუ რომელი ტერიტორია რისთვის არის განკუთვნილი, რა ფუნქცია აქვს. ამ ფუნქციის ლოგიკა არის ასეთი, რომ იქ პროცესები ბუნებრივად უნდა განვითარდეს. ადამიანის ჩარევის გარეშე. იქ არის - ორი ზონა მკაცრი დაცვის ზონა, სადაც არანაირი ჩარევა არ უნდა მოხდეს, უხეშად რომ წარმოვიდგინოთ - იქ ხანძარი რომც განვითარდეს, რომ დაიწვას, ეს უნდა მოხდეს. იმიტომ, რომ ბუნებრივად ეგრე ხდება იმ ადგილებში. ტყე რო განახლდეს, ზოგიერთ შემთხვევაში იქ ხანძარია საჭირო. არსებობს ბუნებრივი პროცესები და არსებობს ადამიანის მიერ პროვოცირებული პროცესები. როცა ბუნებრივ ლოგიკაში ვერევით, ეს უკვე აღარ არის ბუნებრივი პროცესი. მკაცრი დაცვის ზონისა და ნაკრძალის ზონის იდეა მდგომარეობას იმაში, რომ ადამიანის საქმიანობა მინიმალურამდე უნდა იყოს დაყვანილი. ეს ტერიტორია იმიტომ შეირჩა მკაცრი დაცვის ზონად, რომ იქ ადამიანის ჩარევა რა უნდა მოხდეს“, - ამბობს კახა არცივაძე.