შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 6 ივლისს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დ.თ. გამოავლინეს და დააკავეს. ალკოტესტით შემოწმების შედეგად, მას ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა.
დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამჟამად, დ.თ. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ჰოსპიტალში, სამართალდამცველების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში 2018 წლის 6 ივლისს შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, ავტოგასამართ სადგურ "ვისოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე, 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, სამი პირი ადგილზე გარდაიცვალა, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება კი სამმა ადამიანმა მიიღო. ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლებმა სტაციონარში გადაიყვანეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მიკროავტობუსის მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების უხეშმა დარღვევამ გამოიწვია.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.