მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთის დამარცხების შემდეგ ხორვატმა მცველმა, დომაგოი ვიდამ პატარა ვიდეო ჩაწერა და გამარჯვება უკრაინას მიუძღვნა. „Слава Украине“ - იძახის ვიდა კადრში, სადაც ის მის ყოფილ თანაგუნდელთან ოგნიენ ვუკოევიჩთან ერთად ჩანს.
პოლიტიკური განაცხადის გამო, ხორვატ მცველს დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, თუმცა FIFA მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.
როგორც Sky Sports წერს, ვიდა და ვუკოევიჩი ადრე „კიევის დინამოში“ თამაშობდნენ და FIFA-ის მცველმა უთხრა, რომ ვიდეო მათთვის იყო განკუთვნილი. ვიდას თქმით, ვიდეო ხუმრობით ჩაწერა და ის პოლიტიკისგან შორს დგას.
რუსეთთან დაპირისპირებაში ვიდა მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა. მან შეძლო გოლის გატანა და პენალტების სერიაში თერთმეტმეტრიანიც ზუსტად შეასრულა. ხორვატიასა და რუსეთს შორის მატჩი ფრედ დასრულდა, მაგრამ ბალკანელებმა რუსებს პენალტებში აჯობეს და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ.
FIFA-მ პოლიტიკური განაცხადის გამო სასჯელი ამ გათამაშებაში ერთხელ გამოიყენა და შვეიცარიელი ფეხბურთელები დააჯარიმა. წარმოშობით ალბანელმა მოთამაშეებმა სერბეთთან თამაშში გოლები ალბანური დროშის გამოსახვით აღნიშნეს.