ზვიად კუპრავას საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს. დავით სარალიძის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ლიდერს, ზვიად კუპრავას ბრალი წარედგინა სსკ-ის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფას გულისხმობს.
„2018 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში განთავსებულ სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1983 წელს დაბადებული მოქალაქე ზ.კ.-ის მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით. მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში,
აღნიშნული მუხლი, ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.
საუბარია 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც ადგილზე ზაზა სარალიძეც იმყოფებოდა.
ამავე ინციდენტის მოკვლევის ფარგლებში შს სამინისტრომ ინციდენტის მონაწილე პოლიციელებს საყვედური გამოუცხადა.