
საინიციატივო ჯგუფი „მზიურის“ პარკში საბაგირო გზისთვის განკუთვნილი შენობის რეაბილიტაციას და შენობაში მედიათეკისა და საგამოფენო სივრცის მოწყობას გეგმავს.
„მზიურის“ პარკის ერთ პატარა, მივიწყებულ ნაგებობაზე გვინდა თქვენი ყურადღება შევაჩეროთ. ამ შენობას, წლების წინ, თბილისის ერთი უბანი მეორესთან საბაგირო გზით უნდა დაეკავშირებინა. თუმცა, უკვე დიდი ხანია, შენობამ პირვანდელი ფუნქცია დაკარგა და ნაგავსაყრელად გადაიქცა. დაკვირვებული თვალი მის განსაკუთრებულ არქიტექტურას ადვილად შეამჩნევს.
ჩვენი იდეაა, ამ ობიექტმა დემონტაჟის ნაცვლად მისი პირველადი დამაკავშირებელი ფუნქცია დაიბრუნოს და ამჯერად ხელოვნებისა და ადამიანების გამაერთიანებელ სივრცედ იქცეს.
ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ კონკრეტული გეგმა, რომელიც გულისხმობს: ნაგებობის ზედა ნაწილში კულტურისა და ხელოვნების მიმართულების მედიათეკის მოწყობას; კონცეპტუალური სამუშაო გარემოს შექმნას არტისტებისა და ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის; შენობის მიწისქვეშა სივრცის თანამედროვე და მინიმალისტურ საგამოფენო გალერეად მოწყობას, რომელიც ღია იქნება სახელოვნებო და შემოქმედებითი აქტივობებისათვის და ხელს შეუწყობს თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას“, - ნათქვამია „ახალი მზიურის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
3D ვიზუალიზაციის სრული ვერსიის სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე: ➡http://wasso.de/mziuri/
პროექტზე მუშაობდნენ: ვასო მაჭარაძე, ანუკა ლომიძე, კოკა ვაშაკიძე და ანა გოგუაძე.