განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატად პრემიერ-მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილი წარადგინა. მამუკა ბახტაძემ „მცირე მთავრობის" შემადგენლობა დღეს დაასახელა.
ვინ არის ბატიაშვილი
მიხეილ ბატიაშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორია.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი „სილიკონ ველი თბილისის“ პროექტის ფარგლებში 2016 16 სექტემბერს დაარსდა. თავად ეს პროექტი "სილიკონ ველი თბილისი" საქართველოში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრის შექმნას გულისხმობდა.
ცენტრი ერთ სივრცეში აერთიანებს IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ასევე, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს. ცენტრის გახსნის ცერემონიას 2016 წელს გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
კვირიკაშვილმა გახსნის ცერემონიაზე აღნიშნა, რომ ეს პროექტი მაღალტექნოლოგიური მიმართულებით პირველი კერძო ინივესტიციაა, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "სილიკონ ველი თბილისის" პროექტი ფონდმა “ქართუმ” განახორციელა.
თავად “ქართუ“ ფონდის ვებგვერდზე არ იძებნება მსგავსი ინფორმაცია. "ლიბერალმა" აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ფონდის წარმომადგენელთან სცადა. ნიკოლოზ ჩხეტიანმა ჩვენს სატელეფონო ზარს და სმს გზავნილს არ უპასუხა.
ბატიაშვილის არაერთი სატელევიზიო ინტერვიუ იძებნება, სადაც ის ძირითადად ციფრული ეკონომიკის მნიშვნელობაზე და განათლებისა და ინოვაციების ინტეგრაციაზე საუბრობს.
2018 წლის მარტში მამუკა ბახტაძესთან ერთად ბატიაშვილმა "ციფრული აბრეშუმის გზის" პროექტის შესახებ პრეზენტაცია გამართა. ბახტაძე მაშინ ფინანსთა მინისტრი იყო.
როდის დაფუძნდა უნივერსიტეტი და მფლობელები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წლის ივნისში "სილიკონ ველი თბილისის" პროექტის ფარგლებში დაფუძნდა. ამის შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტის გვერდზეც იძებნება 2016 წლის ამონაწერის მიხედვით, მიხეილ ბატიაშვილი უნივერსიტეტის 94%-ს ფლობდა.
2017 წლის 24 იანვრის ამონაწერის მიხედვით კი ის უნივერსიტეტის 27%-ს ფლობს. მისი პარტნიორების სია ასე გამოიყურება:
მესაკუთრე წილი წილის მმართველი:
მიხეილ ბატიაშვილი 27%;
გრიგოლ ბულია 3%;
იოსებ ხუციშვილი 3%;
მინდია საბანაძე,რუსეთი , საქართველო 33.5%.
ირაკლი თევდორაშვილი 25.125% - ირაკლი თევდორაშვილი შპს "პალიტრა მედიას" 75%-ის მფლობელია, 25%-ს კი ზაზა ბუაძე ფლობს, რომელიც ასევე ფლობს 9%-მდე წილს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.
ზაზა ბუაძე - 8.375%. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან მემორანდუმები აქვს გაფორმებული.
მაგალითად, 2017 წელს საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების გაჩენისა და ქვეყანაში დასაქმების ახალი მიდგომების დანერგვის მიზნით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დასაქმების მსურველთა გადამზადება დაიწყო.
2018 ციფრული „აბრეშუმის გზის“ განხორციელების იდეის ხელშეწყობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და კომპანია "Microsoft“-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.
„დოკუმენტს ხელი მოაწერეს "ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა და კომპანია "Microsoft საქართველოს“ დირექტორმა, ნიკოლოზ დობორჯგინიძემ“.
უნივერსიტეტს ჰყავს საბჭო, რომლის წევრებიც სხვა წევრებთან ერთად არიან: მიხეილ ჩხენკელი, მარიამ ჯაში და ილია წულაია (პარლამენტის წევრი).
მიხეილ ბატიაშვილის სამეწარმეო საქმიანობა
მიხეილ ბატიაშვილი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გარდა, წილებს სხვა კომპანიებშიც ფლობს. კერძოდ, ის ფლობს წილს შპს წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში, სადაც მისი პარტნიორია ირაკლი თევდორაშვილი პალიტრა მედიას ერთ-ერთი მფლობელი და ასევე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თანამფლობელი.
ასევე ფლობს წილს შპს „კავკასიის ტექნოლოგიური კლასტერში“ და შპს „ტექჰაბ აკადემში“. მიხეილ ბატიაშვილი, როგორც მეწილე, სამეწარმეო რეესტრის საძიებო სისტემაში სხვა კომპანიებშიც ფიქსირდება.