მთავარი პროკურორის შესარჩევ კონკურში საპროკურორო საბჭომ მხარი შალვა თადუმაძეს დაუჭირა. კენჭისყრის შედეგები რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. შალვა თადუმაძემ 12 ხმა მიიღო. კენჭისყრა ფარულად გაიმართა. საპროკურორო საბჭოს 15 წევრიდან 13 ესწრებოდა და კენჭისყრაში იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მონაწილეობა არ მიუღია. მას შემდეგ, რაც შალვა შავგულიძემ პროკურორობის კონკურსიდან პროტესტის ნიშნად კანდიდატურა მოხსნა, პროკურორის შესარჩევ კონკურსში ორი კანდიდატი დარჩა. ესენი იყვნენ: შალვა თადუმაძე და ნინო გოგნიაშვილი.
მთავარი პროკურორობის კანდიდატის დამტკიცების შემდეგი პროცედურა ასეთია:
პროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას არ განაცხადებს, იუსტიციის მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა კანდიდატურას.
თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.
თუ საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, მეორდება ამ მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურა.