საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში მიმდინარე NATO-ს სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიუსელიდან „პირველი არხი" იტყობინება. NATO-საქართველო-უკრაინის სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მონაწილეობდა.
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის ლიდერთან.
„დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს, როგორც აშშ-ის მყარ და ერთგულ პარტნიორს რეგიონში, რომელიც იბრძვის ამერიკელებთან ერთად გლობალური უსაფრთხოებისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა მის მიერ ინიცირებულ მხარდამჭერ აქტზე და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე“, – აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილი ტრამპს ასევე ესაუბრა აშშ-ის როლზე საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე და ორი ქვეყნის ურთიერთობაში ახალ შესაძლებლობებზე.
პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, NATO-საქართველო-უკრაინის ხანმოკლე სხდომის ფარგლებში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს კონტრიბუცია საერთაშორისო მისიებში და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა.