
ფონდ „იავნანას“ ყოფილი ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც მან სასამართლოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურამ უკვე ავნო ფონდისა და მის რეპუტაციას, ახლა სულერთია, შეწყვეტენ თუ გააგრძელებენ ამ საქმეს.
„ეს იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბნელ ოთახში ეძებენ შავ კატას. ძალიან ვწუხვარ, რომ ის შავი კატა იმ ოთახში არ ასებობს. ეძებენ იმ საქმეს, რომელიც არ არსებობს, რაც ძალიან სამწუხაროა. წინაზე თუ ვთხოვდი, რომ რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო ეს საქმე, დღეს მე განვუცხადე პროკურორსა და გამომძიებელს, რომ უკვე აღარ არის საჭირო სიჩქარე, აკეთეთ ნელა იმიტომ, რომ რაც შეგეძლოთ უკვე თქვენ ფონდს და საქართველოს რეპუტაციას ავნეთ. ასევე მავნეთ მე ისე, რომ თქვენი საქმე ფრიადზეა შესრულებული. ახლა შეუძლიათ, გინდ შეწყვიტონ და გინდ გააგრძელონ“,- განაცხადა ბურჭულაძემ.
„იავნანას“ ყოფილი ხელმძღვანელის შეფასებით, თუ მას ამას უკეთებენ, მთელ საქართველოს უკვე პატრონი არ ჰყავს და აღარავინ არის დაცული. ბურჭულაძის განცხადებით, ის საქმეში საერთაშორისო ექსპერტებს ჩართავს და საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებს.
„ერთ პირობას ვიძლევი, რომ მე ამას ბოლომდე მივიყვან, საერთაშორისო ექსპერტებს ჩამოვიყვან, აქ დავადებინებთ დასკვნას და ამ საქმეს, ყველაფერს რაც კი უსამართლობაა, ჩვენ აღმოვფხვრით. ამის პირობას ვდებ".
ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. საუბარია ქველმოქმედებისთვის შეგროვებული თანხის, რამდენიმე მილიონი ლარის არამიზნობრივად გახარჯვაზე.
პროკურატურის ინფორმაციით, „იავნანას“ ფინანსური საქმიანობის შესწავლის თხოვნით უწყებას „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ მიმართა.