20 წლის ბიჭის, კოკა კობალაძის ცემის ფაქტზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
კოკა კობალაძის დედა, თათა დავითულიანი შვილის მონაყოლზე დაყრდნობით ამბობს, რომ მათ ბინაში ორი პირი მივიდა, საიდანაც ერთი პოლიციელის ფორმაში იყო. ისინი კობალაძეს მამის ადგილსამყოფელს ეკითხებოდნენ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 2 თვის წინ საფრანგეთში დააკავეს. დედის თქმით, მას შემდეგ, რაც ბიჭისგან პასუხი ვერ მიიღეს, ისინი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თათა დავითულიანი ამბობს, რომ ის სამსახურში მორიგე იყო, ამიტომ შვილის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ „ფეისბუქიდან“ შეიტყო, სადაც მას შეტყობინება გაუგზავნეს. მისი ინფორმაციით, კოკა კობალაძეს ტვინის შერყევა და სახეზე გარეგანი დაზიანებები აქვს.
როგორც თათა დავითულიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, მას არ აქვს ვერსია, რა შეიძლება ყოფილიყო მისი შვილის ცემის მიზეზი. მისი თქმით, კოკა კობალაძეს იმ ორი პირის ამოცნობა შეუძლია და გამოძიებასთან ითანამშრომლებს.
როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტის შესწავლა მათაც დაიწყეს, თუმცა უწყება არ ადასტურებს, რომ კობალაძის ბინაში პოლიციის თანამშრომელი იყო.